მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ძალიან კარგი შედეგები აქვს
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა აპრილის ბოლოდან დაიწყო, ანუ სულ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. შედეგები უკვე ძალიან კარგია. უამრავი პაციენტი მოვიდა.

С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ძალიან კარგი შედეგები აქვს

2015 წლის აპრილიდან საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამა გულისხმობს ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის უფასო მკურნალობას და ნაწილობრივ დაფინანსებულ გამოკვლევებს პოტენციური დაავადებულებისათვის.

ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული თემებზე სასაუბროდ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების გამგეს, ინფექციონისტ-ჰეპატოლოგს მანანა ლომიძეს მივმართეთ.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია თავად დაავადებულთათვის და სახელმწიფოსთვისაც. ჩვენთან დაახლოებით 200 000 ადამიანია ინფიცირებული და მათი დიდი უმრავლესობა კანდიდატია ციროზის, ან ციროზ-კიბოსი. ამიტომ, ელიმინაცია, ანუ ადამიანის განკურნება ამ ვირუსისაგან, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ფანტასტიური მოვლენა და მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი შედეგები აქვს“, – აღნიშნავს მანანა ლომიძე.

მან ისაუბრა იმ შედეგების შესახებ, რომელიც უკვე მოჰყვა აღნიშნულ პროგრამას: „პროგრამა აპრილის ბოლოდან დაიწყო, ანუ სულ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. შედეგები უკვე ძალიან კარგია. უამრავი პაციენტი მოვიდა. მკურნალობა დაეწყოთ შედარებით მძიმე ფორმით დაავადებულებს.

ოთხი კვირის შემდეგ ჩვენ გავაკონტროლეთ იმ ადამიანთა მდგომარეობა, ვისაც მკურნალობა დაეწყო. უკვე გვაქვს კვლევის შედეგები მიღებული. ჩემი პაციენტების შემთხვევაში, დაახლოეთბი 80% შემთხვევაში ვირუსი საერთოდ გაქრა, ხოლო დანარჩენებს ვირუსის მაჩვენებელი ძალიან დაბალი აქვს, ანუ თითქმის მათთანაც აღარ არის.

ანუ ფანტასტიური შედეგები აქვს ამ კურსს და მოგეხსენებათ, მკურნალობა ხდება უძვირესი პრეპარატებით. თანაც, ამჟამად მიმდინარეობს არა მხოლოდ ვირუსის მკურნალობა, არამედ დიაგნოსტირებაც. კვლევის შედეგად თუ აღმოაჩნდება ადამიანს ვირუსი, შემდეგ მოდის ჩვენთან, ვუკეთებთ დამატებით გამოკვლევებს და შემდგომ ჩავსვამთ პროგრამაში“, – ამბობს მანანა ლომიძე.

მიუხედავად ელიმინაციისა, პაციენტებს, შესაძლოა, მკურნალობის გაგრძელება მაინც დასჭირდეთ.

„თუ პაციენტი განიკურნება, ანუ ელიმინაცია მოხდება, პაციენტს ვირუსი აღარ ემუქრება. თუმცა, თუ ის მიეძალება ალკოჰოლს, ტოქსინებს, მაშინ სხვა მიზეზი იქნება ციროზის განვითარების, მას ეს მკურნალობა ვერაფერს უშველის.

მაგრამ თუ პაციენტს ციროზი უკვე აქვს განვითარებული და C ვირუსის ელიმინაცია მოხდა, ამ ღვიძლს მკურნალობა აუცილებლად დასჭირდება – ან პათოგენეზური, ან გადანერგვა, ამას უკვე ექიმი წყვეტს პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. რადგან, ციროზის არსებობის შემთხვევაში, ვირუსის გაქრობა არ ნიშნავს, რომ ისიც განიკურნა“, – განმარტავს მანანა ლომიძე.

ქალბატონმა მანანა ლომიძემ ისაუბრა იმ განსხვავებებზეც, რომელიც C ვირუსის მიმართ არსებობდა მიდგომებში სახელმწიფოს მხრიდან.

„წლების მანძილზე ამ დაავადების მიმართ მიდგომა მკვეთრად შეიცვალა. სახელმწიფომ მიაქცია ყურადღება. თუ პროგრამაშია პაციენტი ჩართული, კვლევები გაცილებით იაფი ღირს. მოქალაქეები ვერ მოდიოდნენ, იმდენად ძვირი ღირდა ეს გამოკვლევა და თავად მკურნალობა მიუწვდომელი იყო ჩვენი პირობებისთვის, რადგან ათი ათასობით დოლარი ჯდებოდა. ამის საშუალება არ გააჩნდათ ადამიანებს და აღარც კვლევებს იტარებდნენ და შესაბამისად, ვერც მკურნალობას,“ – აღნიშნავს მანანა ლომიძე.

info9.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …