მთავარი » კვირის ინტერვიუ » აუდიტმა სისტემატური მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს სამედიცინო დახმარებას
აუდიტმა სისტემატური მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს სამედიცინო დახმარების ყველა მიმართულებას, მედიკამენტებს, სამინისტროს პოლიტიკას, რათა მოხდეს მათი სრულყოფა.

აუდიტმა სისტემატური მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს სამედიცინო დახმარებას

დიანა გროსი: დამატებითი რესურსები სისტემის შიგნით, არაეფექტური სეგმენტების გამოთავისუფლების ხარჯზე  უნდა მოინახოს. 

რამდენიმე თვის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ ახალ პრიორიტეტად ჯანდაცვის პირველადი რგოლის მასშტაბური რეფორმა გამოაცხადა. რეფორმამ შედეგად უნდა მოიტანოს პირველად რგოლში, განსაკუთრებით სოფლად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;

ამ რგოლის მიერ შეთავაზებულ სამედიცინო სერვისებზე  გეოგრაფიული წვდომის გაზრდა; ოჯახისა და სოფლის ექიმების გადამზადება და მათი შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა; პროფილაქტიკისა და პრევენციის დონისა და ხარისხის ზრდა.

რეფორმის კონკრეტული გეგმა სამინისტროს მიერ ოქტომბრის ბოლოს იქნება წარმოდგენილი. ჯანდაცვის სისტემის, მათ შორის, პირველადი რგოლის რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტირებას საერთაშორისო კომპანია „გლობალური ალიანსი“ უწევს.

კომერსანტი „გლობალური ალიანსის“ ექსპერტს, დიანა გროსს ესაუბრა.

– ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში გაზრდის სისტემის ხარჯეფექტურობას და მოიტანს სერიოზულ ეკონომიას. როგორია თქვენი ხედვა ამ პოზიციასთან დაკავშირებით?

– ჩვენი ხედვა ამის თაობაზე ემთხვევა სამინისტროს შეხედულებებს. დღეისთვის ერთ–ერთი ძირითადი პრობლემაა ქრონიკული დაავადებების მართვა. ბევრი არაგადამდები დაავადება ჩნდება ცხოვრების არასწორი წესის შედეგად და ამა თუ იმ დაავადების უკონტროლობით.

არ არის გამოყენებული ზომები უფრო რთულ ფორმებში გადასვლის თავიდან ასაცილებლად. პირველადი რგოლის ჩარჩოებში მკურნალობა კი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ დიდი ფულის ხარჯვა ჯანდაცვის სხვა დონეებზე. ბუნებრივია, ეს ფინანსური საშუალებების დიდი ეკონომიაა, როგორც პაციენტების, ისე სახელმწიფოს მხრიდან.

– „გლობალური ალიანსის“ ექსპერტები ეხმარებიან ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეფორმისთვის მზადებაში. თუ არის დათვლილი, დაახლოებით მაინც, რა თანხა დაჯდება ეს რეფორმა?

– ამჟამად სწორედ ამით ვართ დაკავებული, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ჯანდაცვის საერთო ბიუჯეტი უკვე არსებობს და რეფორმის დასაწყისში მის გაზრდაზე საუბარი არ იქნება მართებული. აუცილებელია, რესურსები სისტემის შიგნით მოინახოს, კერძოდ, თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხაზით – არაეფექტური სეგმენტების გამოთავისუფლების ხარჯზე.

– ბევრია, თქვენი აზრით, ამგავრი სეგემენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში?

– საკუთრივ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არაეფექტური სეგმენტები არსებობს და ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

 ზემოაღნიშნული სეგმენტის მოძებნა ამ პროგრამაში, ხარჯების ოპტიმიზაცია და მათი უფრო ეფექტური წარმართვა, ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა. ეს ეხება როგორც საბაზო პაკეტის მომსახურებას, ისე მედიკამენტებს. სისტემაში უნდა გამოიყენებოდეს ყველა ეფექტური ეკონომიკური მეთოდი და ეკონომიკურად ეფექტური მედიკამენტები.

– კონკრეტულად, ვინ უნდა იყოს დაკავებული არაეფექტური სეგმენტების გამოვლენით?

– უპირველესად ის, ვინც ატარებს პოლიტიკას – ეს გახლავთ შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამ სემთხვევაში, ვსაუბრობთ სახელმწიფო სექტორში ჯანსაღი მართვის პრინციპების დანერგვაზე.

თქვენმა ქვეყანამ მოახდინა ამ პრინციპების დეკლარირება – საქართველოში მოქმედებს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თანხისა და რესურსების ხარჯვა უნდა ხდებოდეს ეკონომიკურად, ეფექტურად და პროდუქტიულად.  ყველა სახელმწიფოს სტრუქტურა ვალდებულია ეს დაიცვას.

ამასთან, თითოეულმა უწყებამ ორგანიზება უნდა გაუკეთოს თავის რისკ–მენეჯმენტს, უნდა იცოდეს, რა მიზნისკენ მიდის და რა რისკები არსებობს, რათა მათი შემცირება შეძლოს.

ჯანდაცვის სისტემის შემთხვევაში, არაეფექტური სეგმენტის მოძიება თავის თავზე უნდა აიღოს სამინისტროს შიდა აუდიტმა, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აუდიტის ფუნქცია არასწორად არის განმარტებული.

რეალურად, ეს არ გახლავთ ყოფილი სარევიზიო ფუნქცია. აუდიტმა სისტემატური მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს სამედიცინო დახმარების ყველა მიმართულებას, მედიკამენტებს, სამინისტროს პოლიტიკას, რათა მოხდეს მათი სრულყოფა და გაუმჯობესება. სწორედ შიდა აუდიტი უნდა დაეხმაროს სამინისტროს პრობლემების გამოვლენაში, ეფექტურობის გაუმჯობესებაში. ნებისმიერი სახელმწიფო ორგანიზაციის დონეზე ყველა, უნდა გადავიდეს ამ სისტემაზე.

მაგალითად, სახელმწიფო საავადმყოფოები. თავისი აუდიტორული სამსახური შეიძლება ჰყავდეს სოციალური მომსახურების სააგენტოსაც, რადგან ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ცოტა „შორსაა“ მათგან.

– თქვენი მოსაზრებით, ამ შემთხვევაში, შეიძლება თუ არა გაჩნდეს კვალიფიკაციის პრობლემა?

– რა თქმა უნდა, ამით დაკავებულნი უნდა იყვნენ კვალიფიციური კადრები. უნდა მოხდეს შესაბამისი სწავლება. ზოგადად, საქართველოში მაღალ დონეზეა ინტეგრირებული  საერთაშორისო სისტემები, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობთ აუდიტის უფლება–მოვალეობებზე სამედიცინო სფეროში, ბევრი რამ ასათვისებელი იქნება.

– რა არის აუცილებელი ყველა დონეზე  რისკ–მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად?

– უპირველესად, აუცილებელია, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციამ მკაფიოდ გამოხატოს თავისი მიზანი – მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი და ამის მისაღწევად შეადგინოს გეგმა, მათ შორის წლიური. სამინისტროს დონეზეც უნდა მოხდეს იგივე, რადგან ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რისკენ მივდივართ და აუცილებელია იმ მონაცემების ფლობა, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ.

მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს დაავადებათა რეალური სტატისტიკა. როდესაც კითხულობ როგორია ჯანდაცვის შესახებ სტატისტიკური მონაცემები და პასუხად იღებ 2001 წლის მონაცემებს, ეს უკვე რეალური მიდგომა და რეალური საქმე აღარ არის.

ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სიტუაციის გამოსაწორებლად და ეს მეტად მნიშვნელოვანია. შემდეგ ამ მიდგომის ფორმულირება უნდა მოხდეს დარგში პოლიტიკის განსასაზღვრად. როდესაც ხედავ რომელი სგემენტია ყველაზე აუცილებელი და საჭირო, სწორადაც დაგეგმავ.

ამასთან, აუცილებელია, ყველა ორგანიზაციის ყველა სამმართველომ ზუსტად უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს წლის განმავლობაში.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …