ოფისური გინეკოლოგია, რაც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა საქართველოშიც იწყებს განვითარებას.
ამაში დიდი წვლილი მიუძღვის დიდი ბრიტანეთის უმაღლესი რანგის კლინიცისტ, სამეფო კოლეჯის წევრ, მეან გინეკოლოგ აპოლონ მესხს, რომელიც 24 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთში საქმიანობდა. ახლა კი სამშობლოში დაბრუნება და განახლებულ ”ჟორდანიას კლინიკაში” მუშაობა გადაწყვიტა.
”ჩემი საქართველოში მუშაობის მთავარი ამოცანა გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, განვითარება და დაგროვებული გამოცდილების გაზიარებაა,” – ამბობს აპოლონ მესხი.
–რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?
ბრიტანეთში 1992 წლიდან ვცხოვრობდი. 24 წელი დიდი დროა ერთ ადგილზე და ერთ ქვეყანაში საცხოვრებლად. ჩემი ცხოვრების პირობები შეიცვალა: ბევრი რამ, რაც ადრეულ წლებში დავგეგმე პროფესიულ და პირად ცხოვრებაში, შევისრულე. ამასობაში ოჯახშიც შეიცვალა მდგომარეობა: შვილებმა განათების მიღება დაასრულეს, დამოუკიდებლები გახდნენ და თავიანთი ცხოვრების გზას დაადგნენ. ასაკის გამო და მეორე მხრივ, იმის გამო, რომ პროფესიული ოცნებები ავიხდინე, ჩემი ინტერესები შეიცვალა. სიცოცხლის ბოლო ნაწილისთვის უფრო მშვიდი ცხოვრება მქონდა დაგეგმილი. ასევე, ინგლისში ცხოვრების 24 წლის მანძლზე შეძენილი გამოცდილების სამშობლოში გამოყენება მინდოდა.
საქართველოში ცხოვრება ნათესავებსა და მეგობრებს შორის, მშვიდი და გაწონასწორებული ტემპით, ჩემი ცოდნისა და გამოცდილების აქ გამოყენება და მისი ახალგაზრდებისათვის გადაცემა, პროფესიული და ეკონომიური სტრესების გარეშე ზუსტად ისეთი ბალანსია, როგორიც მსიამოვნებს და რომელიც ყველაზე უფრო შეესაბამება ჩემს ასაკს და მდგომარეობას. სწორედ ამიტომ ავირჩიე ამ პერიოდში საქართველოში გადმოსახლება.
–საქართველოში სამედიცინო სფეროში მიმდინარე პროცესები რამდენად მიყვება თანამედროვე ტენდენციებს?
მე მეჩვენება, რომ ჩვენი მედიცინა, სამედიცინო საზოგადოებისა თუ მოსახლეობის აზრი ცოტა ზედმეტადაა ფოკუსირებული სამედიცინო აპარატურაზე, ცალკეულ ინსტრუმენტებზე, კონკრეტულ ოპერაციაზე და ა.შ. შედეგად სამედიცინო სამსახურის ხარისხს ყურადღება აკლდება. ყველა ქვეყანაში, სადაც მედიცინა მაღალ დონეზეა, ხშირია ექიმების მომზადების დონის შემოწმება და რეგულარული გადამოწმება გამოცდებით, შეფასებებით, უწყვეტი პროფესიული განათლების ციკლებში მონაწილეობით, სხვადასხვა სამუშაო პანელებსა და ბორდებში მონაწილეობით.
ყველგან არის ტრადიცია და სისტემა იმისა, რომ ექიმის მუშაობის ხარისხი რეგულარულად კონტროლდება და სამედიცინო პრაქტიკა მტკიცებულებებზე დამყარებულია. ეს ხდის მედიცინას ეფექტურსაც და უსაფრთხოსაც, აძლევს ავადმყოფს რწმენასაც და ძალასაც იმისა, რომ იცოდეს დასმული დიაგნოზიც, შერჩეული მკურნალობის მეთოდიც, აპარატურაც და რაც მთავარია, სამედიცინო პერსონალიც აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტს. შესაბამისად, პაციენტი იღებს საუკეთესო ხარისხის მომსახურებას, რისი მიღებაც მოცემულ პირობებშია შესაძლებელი. მე ვფიქრობ, საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ კიდევ სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი.
–საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რატომ აირჩიეთ განახლებულ ”ჟორდანიას კლინიკა ში” და რა სიახლეების დანერგვას აპირებთ?
ჩემი მთავარი მიზანი პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სამსამხურის გაწევაა. მცირე კლინიკის ფორმატი, რომელშიც ვაკის ჟორდანიას კლინიკა იფუნქციონირებს, საშუალებას იძლევა, რომ ვიმუშაო თანამედროვე გინეკოლოგიის ჩემთვის სასურველი ყველა მიმართულებით. ეს არის ოფისის, დამზოგავი, მიკროინვაზიური მეთოდებით გინეკოლოგიური დაავადებების ფართო სპექტრის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ესენია მენსტრუალური ციკლის დარღვევები, საშვილოსნოს ყელის დაავადებები, კლიმაქტერული პერიოდის პრობლემები, უროგინეკოლოგიური პრობლემები, ქალთა უნაყოფობა.
ასევე, ჩავატარებ ორსულების პატრონაჟს და მათ მშობიარობისათვის მოვამზადებ. ქირურგიული ჩარევებისთვის დიღმის მასივის განახლებული საოპერაციო ბლოკით ვისარგებლებთ. ასევე, მექნება საშუალება გამოცდილება და ცოდნა გავუზიარო ახალგაზრდებს.
–ტექნოლოგიურად რამდენად მაღალ დონეზეა აღჭურვილი კლინიკა? არის მაღალი დონის ოპერაციების ჩატარების საშუალება?
ამჟამად ჟორდანიას ვაკის კლინიკის აღჭურვილობის განახლება მიმდინარეობს. ეს ეტაპობრივი პროცესია და ის 2 კვირის განმავლობაში დასრულდება. შემდეგ კი პაციენტებისთვის ოფისის გინეკოლოგიის მეთოდების ფართო სპექტრის შეთავაზებას ჯანსაღ და მათთვის სასიამოვნო გარემოში შევძლებთ. აქ ჩატარდება ოფისის ოპერაციებიც. იმ პაციანტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ხანგრძლივი ოპერაცია ანესთეზის ქვეშ და შემდგომი ინტენსიური თერაპია, მოთავსდებიან ჟორდანიას ინსტიტუტის დიღმის ბაზის სტაციონარში. ამჟამად იქაც აღჭურვილობის განახლება მიმდინარეობს.
თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ტექნოლოგიური აღჭურვილობა სამედიცინო სამსახურის მხოლოდ ერთი მხარეა, რომელიც სამსახურის ხარისხს, საიმედოობას, ეფექტურობას და უსაფრთხოებას მთავარი და განმსაზღვრელი მაჩვენებელი არ არის. დღევანდელ რეალობაში სამსახურის ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად არის პრაქტიკა დაფუძნებული კლინიკურ მტკიცებულებებზე და კერძოდ, რა მტკიცებულებებზეა დაფუძნებული იგი.
უახლოეს მომავალში პაციენტებს შევთავაზებთ სამსახურს, რომელიც დასავლეთ ევროპის კლინიკების სტანდარტების შესაბამისად მტკიცებულებითი მედიცინის პრინციპებზე იფუნქციონირებს.
–უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ოფისის გინეკოლოგია?
გინეკოლოგიაში ტრადიციულად არსებობდა ქირურგიული და კონსერვატული მკურნალობის გზები. ორივეს ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე და არც ერთი იყო სრულყოფილი. გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფრო ეფექტური და ნაკლებად ტრავმული მეთოდების ძებნაში წარმოიშვა ჯერ მინიმალურად ინვაზიური (ჰისტეროსკოპიული და ლაპაროსკოპიული) მიმართულებები, ხოლო სულ რაღაც 10 – 12 წლის წინ – ოფისის გინეკოლოგია.
დღევანდელი ოფისის გინეკოლოგია არის კლინიკური გინეკოლოგიის მიმართულება, რომელიც აერთიანებს გინეკოლოგიური დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის ყველაზე უფრო დამზოგავ მეთოდებს, რომლებიც იხმარება ოფისის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ პროცესი პაციენტების სტაციონარში მოთავსების გარეშე ნორმალური ცხოვრების წესის შეუცველალად მიმდინარეობს.
–როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენ ვითანამშრომლებთ მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯისა და ბრიტანეთის სამედიცინო პედაგოგიკის აკადემიასთან, რომელთა წევრობა მე მაძლევს ამ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას. ჩვენი მიზანი არის, რომ ახლო მომავალში ვიქცეთ ერთ-ერთ წამყვან დაწესებულებად არ მხოლოდ ქვეყნის მაშტაბით, არამედ მის მიღმაც.