ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ექიმი-ენტეროლოგმა მანანა ალექსიშვილი გამოეხმაურა.საქართველოში შემოსული მედიკამენტების მხოლოდ 10% მოწმდება ლაბორატორიულად. დანარჩენი კი მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას ექვემდებარება. შესაბამისად, გაურკვეველია როგორია იმ წამლების ხარისხი, რომლესაც ყოველდღიურად მოვიხმართ.
მისი თქმით, დიდი კვლევა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ძალიან დაბალია.
„მე ვერ ვიტყვი არის თუ არა ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია, მაგრამ ფაქტია, რომ განსაკუთრებით ახლა, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ასე დაეცა, ფასები მედიკამენტებზე კიდევ უფრო მატულობს. ჯანდაცვის სამინისტრომ კი გამოაცხადა, რომ ყველაზე მოხმარებად მედიკამენტებზე ფასები განახევრდებოდა, მაგრამ ჯერ–ჯერობით ეს არ მომხდარა“, – აცახდებს მანანა ალექსიშვილი.
მას მაინცადამაინც დამაკმაყოფილებლად არც მედიკამენტების ხარისხი მიაჩნია. „ბევრ პაციენტთან მიწევს ურთიერთობა.
ზოგიერთი მათგანი, რომლებიც, ვთქვათ, თუნდაც რუსეთში მკურნალობენ, ან საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი იგივე დასახელების პრეპარატს ღებულობენ, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ჩამოტანილი მედიკამენტები უფრო ეფექტურად მოქმედებენ, ვიდრე აქ შეძენილი. ეს ეხება ელემენტარულ ტკივილგამაყუჩებელსაც კი.
არ ვიცი რა ხდება, ნაკლები კონცენტრაციაა ნივთიერებების ჩვენთან არსებულ წამლებში, თუ რა ნაკლია, თუმცა ეს ასე ხდება. ამიტომ ვისურვებდი, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდეს.
როდესაც ადამიანი ყიდულობს პრეპარატს, მან უნდა იცოდეს, რომ ის მიზანმიმართულად იმუშავებს“, – მიაჩნია ალექსიშვილს.