თბილისი (BPI) – 2015 წლის აპრილიდან საქართველოში უპრეცედენტო პროგრამა – C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის უფასო მკურნალობას და პრაქტიკულად სრულად დაფინანსებულ გამოკვლევებს პოტენციური დაავადებულებისათვის.
პროგრამის მიმდინარეობას გამოეხმაურა „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია.
“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის იმ მცირერიცხოვან პროექტებს შორის, რომელიც ამ მთავრობის მიერ განხორციელდა და დადებით ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. ზოგადად, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს ვაფასებ დადებითად, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს.
მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროში, პირველ რიგში მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები, მუშაობენ კვალიფიციური კადრები და ისინი მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება კარგი რეფორმები და პროგრამები განახორციელონ. ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა სწორედ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.
თუმცა, ამ პროგრამასაც აქვს ხარვეზი, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლების მიმართ ნდობასთან. ერთი მხრივ სწორია, რომ სამინისტრო მკურნალობის რიგითობას ადგენს პაციენტის მდგომარეობის სირთულის მიხედვით, თუმცა, მეორე მხრივ, არასწორია პაციენტს უთხრა, სანამ შენი მდგომარეობა არ გართულდება, ვერ გიმკურნალებთო. ეს ფაქტორი პროგრამის ხარვეზად მიმაჩნია.
თუ ხელისუფლება არ აპირებს ხალხის მოტყუებას და არ შეწვყეტს პროგრამის განხორციელებას არჩევნების შემდეგ, მე ამას მხოლოდ მივესალმები. თუმცა, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ეს პროგრამა არის გონივრული და კეთილშობილური ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ხელისუფლება ვალდებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა”, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
С ჰეპატიტის ვირუსით საქართველოში 200 000 ადამიანამდეა დაინფიცირებული, ანუ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 6,7%, რაც დიდი მაჩვენებელია.