შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების მხარდასაჭერად ქართველ მხატვართა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
აქციას სახელწოდებით – „აუსრულე სურვილი“ – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო. მან სახელმწიფო პროგრამასა და სტიგმის დაძლევისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„დღევანდელი ღონისძიება აივ/შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურება. საქართველოში დაავადების პრევალენტობა დაბალია, სახელმწიფო უზრუნველყოფს ინფიცირებულთა მკურნალობას, თუმცა მნიშვნელოვანია, დაიძლიოს სტიგმა, რომელიც გარკვეულწილად არსებობს და ამ მიმართულებით საზოგადოების თითოეულ წევრს უდიდესი როლი აკისრია,“ – განაცხადა ნინო ბერძულმა.
საქართველო აივ/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება. ამ დროისთვის, ქვეყანაში აივ /შიდსის ვირუსის სულ 6360 შემთხვევაა რეგისტრირებული, ინფიცირებულთა შორის 103 ბავშვია.
გამოფენა-გაყიდვა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მხარდაჭერით გაიმართა. #ჯანდაცვა2017