მთავარი » სოციალური » შრომა » მუშათა სასაკლაო საქართველოში – შრომა სიცოცხლის ფასად და შემაშფოთებელი სტატისტიკა
საწარმოო შემთხვევების შედეგად, საქართველოში მიმდინარე წელს უკვე 40 ადამიანია გარდაცვლილი.შრომა სიცოცხლის ფასად და შემაშფოთებელი სტატისტიკა.

მუშათა სასაკლაო საქართველოში – შრომა სიცოცხლის ფასად და შემაშფოთებელი სტატისტიკა

საქართველოში სამუშაო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო მუშების გარდაცვალებისა და ტრავმირების ფაქტები დღითიდღე მატულობს.

ოფიციალური სტატისტიკით, 2011-2016 წლის ივნისის ჩათვლით საწარმოო შემთხვევების შედეგად 724 დაშავდა და დაიღუპა 252 ადამიანი.

მარტო მიმდინარე წელს, საქართველოში საწარმოო შემთხვევების გამო, 40 ადამიანი გარდაიცვალა.

საგანგაშოა ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევების რიცხვიც – 24 გარდაცვლილი, 19 კი დაშავებული.

უბედური შემთხვევით დასრულდა მინდელის სახელობის მაღაროში გუშინ მომხდარი შემთხვევაც. როგორც ცნობილია, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, მაღაროს 4 თანამშრომელი შახტში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა.

საშახტო აწევის ზეინკლების: ალეკო ჭელიშვილის, ვიქტორ დაღუნდარიძის, გიზო გუბელიძისა და გიზო კუბლაშვილის ცხედრები სამაშველო სამსახურებმა 12 საათიანი ძებნის შემდეგ, დილის 6 საათზე 400 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანა.

ალეკო ჭელიშვილი 2010 წლიდან ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის კომიტეტის წევრი და ამავე დროს მისი დამფუძნებელი იყო. ამავე ორგანიზაციის წევრი იყო ვიქტორ დაღუნდარიძეც. როგორც პროფკავშირებში, წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, – მინდელის სახელობის მაღაროში შრომის დაცვის ნორმების დარღვევა იკვეთება.

დარგობრივი პროფკავშირის განცხადებით, გუშინ მომხდარი ტრაგიკული ფაქტი 2010 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე ჯგუფური შემთხვევაა და „მასში ბრალი მიუძღვის ყველას, ვინც დღემდე უშლის ხელს შრომის ინსპექციის შექმნას და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენციის რატიფიცირებას“.

პროფკავშირის წარმომადგენლები ყურადღებას ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ინსპექციის არარსებობაზე ამახვილებენ.

„ეს არის იმ დოქტრინის ბრალი, რომელსაც თავს გვახვევენ, რომ თუ შრომის უსაფრთხოების ნორმებს დაიცავს კომპანია, ბიზნესს ზარალი მიადგება „- განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევებსა და მუშების გარდაცვალების შემაშფოთებელ სტატისტიკაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ და ხელისუფლებას მშენებლობებზე, ასევე ქვანახშირის მოპოვების საწარმოებში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპერირების დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ მათი მოვალეობა, ამ ეტაპზე, მხოლოდ რეკომენდაციაა და, კომპანიის ნებართვის გარეშე, სამუშაო ობიექტების უსაფრთხოების შეფასება არ შეუძლიათ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს კომპანია “საქნახშირის” გენერალური დირექტორი.

ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილთა ოჯახებს კომპანია კომპენსაციას გაუწევს.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები უბედური შემთხვევის ადგილს ამ წუთებშიც სწავლობენ. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, აღნიშნავს, რომ დასკვნა მომზადდება, რამდენად იყო დაცული შახტაში შრომის უსაფრთხოების კუთხით ნორმები. მისი თქმით, პირველადი დათვალიერების შედეგად საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.

ტყიბულში მომხდარს ომბუდსმენის მხრიდან ძალიან მძაფრი შეფასება მოჰყვა:

„ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები” განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობას ადგილზე აკვირდებოდნენ მთავრობის წევრები. ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია პირობას დებს, რომ „დაისჯება ყველა ის პირი, ვისი წვლილიც დადასტურდება”.

საქართელოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ კი აღიარა, რომ„მაღალი რისკის ობიექტებზე რაღაცაა მოსაფიქრებელი“.

მუშების დაღუპვას პრეზიდენტი გუშინვე გამოეხმაურა.

ხელისუფლების ძალისხმევა უნდა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ” – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

უბედურ შემთხვევაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაც ცნობილია. კვირიკაშვილი ტრაგედიას აშშ-დან გამოეხმაურა. პრემიერი მეშახტეთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს და აცხადებს, რომ – მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი.

ტყიბულში დატრიალებული ტრაგედია თბილისში აქციით გააპროტესტს. „აუდიტორია 115-ის“ წევრები შეძახილებით – „ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!” დედაქალაქის მთავარი გამზირის გადაკეტვას შეეცადნენ. ადგილი ჰქონდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლის. საბოლოოდ სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, რომლებიც დღეს სასამართლომ გაათავისუფლა.

შემზარავი ტრაგედიის შემდეგ, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და საზოგადოება გამოძიებისგან ელოდება პასუხს მთავარ კითხვაზე: – იყო თუ არა დაცული უასფრთხოების ნორმები ინციდენტის ადგილზე და ვინ არის პასუხისმგებელი მაღაროელების დაღუპვაზე?! 

newposts.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …