სკოლის პერიოდში გადაწყვიტა, ექიმი გამოსულიყო. სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ჯერ პოლიკლინიკაში ონკოლოგად მუშაობდა, შემდეგ – ქალთა მე–8კონსულტაციაში. 2009 წლიდან ეროვნული სკრინინგ–ცენტრის ექიმ–კონსულტანტია. სწორედ იგი გასცემს პასუხებს კიბოს ან კიბოსწინარე დაავადებებზე… მისი რჩევაა, ქალბატონებმა დროულად მიმართონ სკრინინგ-ცენტრს, რომ მკურნალობა შედეგიანად დასრულდეს. – მარინა ჯაყელის პერსონა.
– ბავშვობა ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია, რომელიც ძალიან ხშირად მენატრება. მყავდა არაჩვეულებრივი მშობლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მე და ჩემს დას საუკეთესო განათლება მიგვეღო. ისინი არ იყვნენ ექიმები, თუმცა ყოველთვის ოცნებობდნენ, რომ ექიმი გამოვსულიყავი. ჩემს არჩევანში არასდროს ჩარეულან.
– სკოლის პერიოდში უკვე იცოდით, რომ ექიმი გამოხვიდოდით?
– ვსწავლობდი თბილისის 87-ე საშუალო სკოლაში. ჩემი კლასი გამორჩეული იყო იმით, რომ თითქმის ყველა კარგად ვსწავლობდით და ბევრს ვკითხულობდით. ჩემს კლასელებს დღესაც ხშირად ვნახულობ. მე-10 კლასში გადავწყვიტე სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება და სამკურნალო ფაკულტეტზე ჩავირიცხე.
– სტუდენტობა… გზა ინსტიტუტის დამთავრებიდან სკრინინგ-ცენტრამდე…
– ინსტიტუტში სწავლის პერიოდი კარგად მახსენდება. ბედნიერი ვარ, რომ მოვისმინე ეგნატე ფიფიას, ოთარ ღუდუშაურის და სხვა ბევრი ცნობილი მეცნიერის ლექციები.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, განაწილებით მოვხვდი მეორე პოლიკლინიკაში ონკოლოგად. ორი წელი ვიმუშავე და იმ ორ წელიწადში დიდი გამოცდილება შევიძინე. შემდეგ ვმუშაობდი ქალთა მე-8 კონსულტაციაში.
ეროვნულ სკრინინგ-ცენტრში 2009 წლიდან, ექიმ-კონსულტანტად ვმუშაობ.
– თქვენ გასცემთ პასუხებს კიბოს ან კიბოსწინარე დაავადებების შესახებ… შეუძლებელია, ადამიანს ავისმომასწავებელი დიაგნოზი აუღელვებლად აცნობო… რას განიცდით ამ დროს?
– ძალიან განვიცდი, როდესაც ქალბატონს სიმსივნის დიაგნოზის შესახებ პასუხს ვატყობინებ… პაციენტის შემოსვლამდე პასუხს გულდასმით ვკითხულობ და ვცდილობ, ისე ავუხსნა, რომ არ შეშინდეს, რადგან კიბო აღარ არის უკურნებელი დაავადება. ყველა მათგანს ვეუბნები, რომ დროულად უნდა დაიწყონ მკურნალობა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.
– სკრინინგ-ცენტრში მუშაობის პერიოდში მინახავს ქალბატონები, რომლებსაც დაუდგინდათ ავთვისებიანი დაზიანება, შემდეგ იმკურნალეს და ახლა თავს კარგად გრძნობენ. ისინი პერიოდულად დადიან სკრინინგში გამოკვლევებზე. მათ ვეუბნები, რომ დროულად დასმული დიაგნოზის შემთხვევაში, დაავადება განკურნებადია.
– რაიმე შემთხვევა ხომ არ გქონიათ, რომ პაციენტისთვის ცუდი დიაგნოზი დაუსვამთ და მერე გამოჯანმრთელებულა…
გული მწყდება, როდესაც ამ დიაგნოზს ვეუბნები ქალბატონს, რომელიც პირველად იტარებს გამოკვლევას და ჩემს შეკითხვაზე, თუ აქამდე რატომ არ ჩაიტარა გამოკვლევა, მპასუხობს, რომ აქამდე არაფერი აწუხებდა.
– დღეს სკრინინგი უფასოა და, შესაბამისად, ადამიანებიც ხშირად მიდიან გამოკვლევაზე, რაც კიბო თავიდან აცილების საშუალებაცაა, ანუ დროულად მკურნალობით შესაძლოა, გადარჩეს ადამიანი… რას ამბობენ პაციენტები, რამდენად მოსწონთ სკრინინგ-ცენტრის მომსახურება?
– ქალბატონები ძალიან კმაყოფილები არიან ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მომსახურებით. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას ამ პროექტის დაფინანსებისთვის, და მინდა ყველა ქალბატონს შევახსენო, რომ ჩვენთან დაავადებათა სკრინინგის პროგრამით პროფილაქტიკური გამოკვლევები უფასოა, და ეს ყველა მათგანმა უნდა ჩაიტაროს.
– ოჯახი…
– მყავს დიდი ოჯახი: მეუღლე, ორი შვილი, რძალი და ორი შვილიშვილი. ოჯახში მხოლოდ მე ვარ ექიმი. მიხარია, რომ 6 წლის შვილიშვილი ექიმობაზე ოცნებობს.
– როგორ ახერხებთ განტვირთვას მძიმე დღის შემდეგ?
– მიყვარს მეგობრებთან ურთიერთობა. ჩემთვის მათ გვერდით ყოფნა, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
– როგორი უნდა იყოს ექიმი?
– ექიმი უნდა იყოს მცოდნე, გულისხმიერი და პატიოსანი.