ჯანდაცვის კომიტეტმა ”ევროპული საქართველოს” ინიციატივას, დევნილთა შემწეობების გაზრდასთან დაკავშირებით, მხარი არ დაუჭირა.
აღნიშნული საკითხის განხილვა კომიტეტზე მწვავე კამათის საგანი გახდა. უმრავლესობას უმცირესობის წევრები და დევნილები დაუპირისპირდნენ.
საპარლამენტო უმცირესობამ წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით დევნილის შემწეობა იზრდება 60 ლარამდე, ხოლო შემოსავლის ზღვარი 1500 ლარამდე. ამავე პროექტით, ბინის მიღება არ იწვევს დევნილის შემწეობის გაუქმებას. დევნილის შემწობა მიბმულია შემოსავალზე და არა ბინაზე.
ამასთან, როგორც პროექტის ავტორი ელენე ხოშტარია განმარტავს, სოციალური დახმარების მიღება არ უნდა გულისხმობდეს დევნილის შემწეობის მიღების ავტომატურ შეჩერებას.
”დევნილთა სტატუსის შეჩერება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იძულებით გადაადგილებული პირები უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდებიან საკუთარ სახლ-კარში ან იმ შემთხვევაში, თუ დევნილმა თავად მიმართა სახელმწიფოს სტატუსის მოხსნის შესახებ”, – აცხადებენ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები.