საქართველოს პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის სასესიო განხილვებს „საქართველოს რესპირაციული ასოციაცია“ განცხადებით ეხმაურება.
„საქართველოს რესპირაციული ასოციაცია” ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს და სრულად უჭერს მხარს თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 11,000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3,000 პასიური მოწევის მსხვერპლია.
„საქართველოს რესპირაციული ასოციაცია”ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს და სრულად უჭერს მხარს თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას. საქართველოში მწეველთა რაოდენობა ძალიან მაღალია და თამბაქოს მოხმარების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ვართ ევროპის რეგიონში.
თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 11,000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3,000 პასიური მოწევის მსხვერპლია. თამბაქოს მომხმარებელია ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 33%, თამბაქოს ეწევა მამაკაცების 57% და ქალების 7%.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ თამბაქოს მოხმარება მატულობს ახალგაზრდებში: რეგულარული მწეველია 16 წლის ასაკის მოზარდების 18% და 13-15 წლის ასაკის მოზარდების 7%.
თამბაქოს მოხმარებით ზიანი ადგება არა მარტო მწეველს, არამედ საფრთხე ექმნება არამწეველი ადამიანების ჯანმრთელობასაც: გარემოში დარჩენილი მეორადი კვამლი 5,000-ზე მეტ ქიმიურ და მათ შორის 98 ტოქსიკურ და კიბოს გამომწვევ ნივთიერებას შეიცავს, რაც არამწეველებში ზრდის ინსულტის, დიაბეტის, ბრონქიტის, პნევმონიის, ასთმის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ფილტვის, სარძევე ჯირკვლის და პანკრეასის კიბოს და სხვა დაავადებებების განვითარების რისკს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს კანონში “თამბაქოს კონტროლის შესახებ” ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, საცხოვრებელი სახლის და საპატიმრო დაწესებულებების გარდა. დარწმუნებული ვართ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერება და კანონის აღსრულება შეამცირებს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ ავადობას და სიკვდილობას, დაიცავს საქართველოს მოსახლეობას და, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, თამბაქოს მავნე და დამღუპველი ზემოქმედებისგან.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ არსებობს ამ ცვლილებების საწინააღმდეგო არც ერთი ობიექტური თუ ლოგიკური არგუმენტი, მათ შორის ფინანსურიც. როგორც საქართველოს პარლამენტმა, ისე საქართველოს მთავრობამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ამ კანონის სათანადოდ და დროულად აღსრულებისთვის.
ჩვენი მხრივ, „საქართველოს რესპირაციული ასოციაცია” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან ერთად იწყებს საერთაშორისო პროექტის განხორციელებას, რომლის ერთ-ერთ მიზანია მოწევისთვის თავის დანებების სერვისების, მათ შორის სპეციალიზებული მკურნალობის, განვითარება. იმედი გვაქვს, ამ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თამბაქოზე დამოკიდებულების შემცირებას“, -აღნიშნულია განცხადებაში.