მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საქართველოში დაბალი ხარისხის წამლები და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასებია
საქართველოში დაბალი ხარისხის წამლები და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასებია

საქართველოში დაბალი ხარისხის წამლები და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასებია

საქართველოში დაბალი ხარისხის წამლები და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასებია.„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ფასების დარეგულირების ერთადერთი გზა მონოპოლიების მოსპობაა. 

„ჩვენთან არის უაღრესად დაბალი ხარისხის წამლები ბაზარზე და ფასები არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ სახელმწიფო ერევა ამ სფეროში, ოღონდ ერევა სულ სხვა მიმართულებით.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, მოქმედი ხელისუფლება მხარს უჭერს ფარმაცევტულ მაფიას, რომელიც საქართველოში მოქმედებს უკვე მრავალი წელია. იყო დაპირებები მონოპოლიებთან ბრძოლის თაობაზე, მაგრამ არც ერთი მიმართულებით ეს ბოლომდე მიყვანილი არ ყოფილა, ხოლო ფარმაცევტულ სექტორთან დაკავშირებით არც დაწყებულა.

მახსოვს დაპირება, რომ ფარმაცევტული ბაზარი გათავისუფლდებოდა, რადგან დღეს ბაზარი უჭირავს სამ კომპანიას, ორ აშკარად გამოხატულ ოლიგოპოლისტს და მესამეს – ნაწილობრივ.  ამ ოლიგოპოლიების დაშლა შესაძლებელია პირდაპირი ჩარევითაც.

ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, რომელიც ლიბერალური ეკონომიკის მექაა, იქაც იგივე გააკეთეს მაიკროსოფტთან დაკავშირებით. სადაც არის ოლიგოპოლია, ხარისხი დაბალია და ფასები მაღალია. ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება და მის სავალალო შედეგებს ჩვენ ვხედავთ დღეს საქართველოში“, აცხადებს ჩხარტიშვილი.

ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ერთსა და იმავე კომპანიას აქვს მედიკამენტების შემოტანის, საცალო გაყიდვის, ამასთანავე, კლინიკების ფლობის უფლება და ამ ყველაფერთან დაკავშირებული სადაზღვევო ბიზნესიც კი. 

„ანუ, ადამიანის მთელი სიცოცხლის ციკლი ამ კომპანიების ხელშია და ეს არის უდიდესი დანაშაული მოსახლეობის წინაშე. არ შეიძლება ექიმი იყოს დამოკიდებული წამლის შემომტანზე და „გამყიდველზე“, რადგან ის რთულ ვითარებაშია და სურვილის მიუხედავად, უწევს ე.წ. სარეკლამო აგენტის შესრულება სამსახურის დაკარგვის შიშით.

ასევე, მინდა აღვნიშნო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის თაობაზეც, რომლის დადებითი მხარეების დაუნახავობა წარმოუდგენელია. თუმცა ჩვენი ჯიბეებიდან, ბიუჯეტიდან დახარჯული უამრავი თანხა არის ქარს გატანებული, რადგან მას ერთვის მედიკამენტების ხელმიუწვდომლობა.

ხელი უნდა შეეწყოს ისეთი რეგულაციების შემოღებას, რაც აღნიშნულ ბაზარზე საშუალო და წვრილი კომპანიების დაფუძნებას წაახალისებს. საბოლოო ჯამში სიტუაცია ძალიან რთულია და მისი გამოსწორება წარმოუდგენელია სახელმწიფო ჩარევის გარეშე. ეს გულისხმობს მონოპოლიების მოსპობას და კომპანიებისათვის თავისუფალი მოქმედების საშუალების მიცემას ისე, რომ პრივილეგია არ ჰქონდეს რომელიმე მათგანს“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …