ახლახანს ცნობილი პოედიატრი თემურ მიქელაძე წლის პედიატრად დაასხელეს. ვფიქრობთ, მშობლებისთვის საინტერესო იქნება მისგან მოწოდებული რჩევები.
რა პირობები სჭირდება ბავშვს, რომ ჯანმრთელი გაიზარდოს – ამ კითხვით მივმართეთ ცნობილ პედიატრს, რომელიც ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობაზე საუბრობს… იგი რჩევებს აძლევს დედებს, თუ როგორ აარიდონ ბავშვები იმ უამრავ მავნე ზემოქმედებას, რაც დღეს საქართველოში ასე მოხშირებულია.
– ჩემთვის წოდება და ჯილდოები არაფერს ნიშნავს. უმთავრესია, ჩემი ყველა პაციენტი ჯანმრთელად იყოს. ჰქონდეთ სულიერი, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობა! ჯილდოს და წოდებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც ხალხისგან მოდის. ამიტომაც, ახლაც, როცა ჯილდო მივიღე, მადლობა ჩემს პაციენტებს გადავუხადე. როგორც მითხრეს, გამოკითხვის შედეგად მოხდა გამორჩევა და სასიამოვნოა, როდესაც ადამიანებისგან ნდობას გრძნობ!
– ბავშვების აღზრდის პროცესში მშობლებს სხვადასხვა მიდგომა აქვთ – ერთნი უფრო მკაცრად აკონტროლებენ დღის რეჟიმს, საკვებს, მუდამ ყურადღებით არიან, რომ ბავშვს ეცვას თბილად, ეხუროს ქუდი. ამ დროს მეორე ნაწილი უფრო თავისუფლად ზრდის შვილებს – აჭმევს იმას, რაც ბავშვს სურს და მეტისმეტადაც არ აკონტროლებს… თქვენ როგორი მიდგომის მომხრე ხართ? რომელი უფრო ამართლებს ბავშვის ჯანმრთელობის საკითხში?
– რა თქმა უნდა, ზომიერების მომხრე ვარ! ყველა მშობელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ბავშვს სურვილები შეუსრულოს, მაგრამ ჩვენთან ბავშვის საკვები და სათამაშო, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად საიმედოა. ზოგიერთი ბავშვის სათამაშო სხვადასხვა მომწავლელ ნივთიერებას შეიცავს და საკვებიც არაჯანსაღია. ამიტომ მშობელი იყოს ძალიან ფხიზლად, ბავშვს შეურჩიოს ჯანსაღი, ხარისხიანი, ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული საკვები… ერთ წლამდე ბავშვისთვის ყველაზე კარგი საკვები დედის რძეა, რომელიც შეუცვლელია.
დედა ყველანაირად უნდა ეცადოს ბავშვი ხშირად თავის რძით გამოკვებოს! აუცილებელია დედაც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდეს, არ იყოს მწეველი! დაახლოებით ორი წლის წინ გამოვეცით სახელმძღვანელო, რომელსაც ქვია – `ორსულთა, მეძუძურ ქალთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვება~. სხვადასხვა ელოქტრონულ საიტებზეც განვათავსეთ ჩვენი მონაცემები, მაქსიმალურად სრულფასოვნად და სწორად როგორ უნდა იკვებებოდეს დედა… თუ დედას სამწუხაროდ რძე არ აქვს, ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გადაგვყავს.
ბავშვის ხელოვნური საკვები საქართველოში უამრავი სახის გახლავთ და ყველა მათგანი ბალანსირებული, მაქსიმალურად მიახლოვებულია დედის რძესთან. თუმცა ისევ ვიმეორებ, რომ დედის რძე შეუცვლელი, ოქროს სტანდარტია ბავშვთა კვებაში! რაც შეეხება სათამაშოს, ჯობია ბავშვს ჰქონდეს ერთი ხარისხიანი სათამაშო, ვიდრე უამრავი მავნე ზემოქმედების სათამაშოები… ჩაცმის მხრივ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სეზონი.
სასურველია ბავშვის სამოსი ბუნებრივი მასალისგან დამზადებული იყოს. არ არის აუცილებელი ბავშვის შეფუთვა თუ ქარიანი ამინდი არ არის. ქარიან ამინდშიც არ არის შეფუთვა საჭირო, მაქსიმალურად დაცული ყურები უნდა იყოს. ზედმეტმა ჩათბუნვამ შეიძლება ბავშვი გადაახუროს განსაკუთრებით ადრეულ ასაკში და სხვა სახის პრობლემები გამოიწვიოს.
– შეგიძლიათ მშობლებს მისცეთ ჯანმრთელი ბავშვის გაზრდის რამდენიმე ოქროს წესი?
– პირველ რიგში ბავშვს მაქსიმალურად დიდხანს შევუნარჩუნოთ ბუნებრივი კვება! ცოტა მოზრდილი ბავშვები გამოვკვებოთ ჯანსაღი საკვებით და რაც შეიძლება ხშირად ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე! დღეს ბავშვის გასეირნება სუფთა ჰაერზე პრობლემა გახდა და ვისურვებდი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი შეუწყონ სრულფასოვანი ჯანსაღი გარემოს შექმნას. ქალაქში უნდა შეიქმნას ბევრი რეკრეაციული ზონა! უცილებლად უნდა აიკრძალოს ამდენი უხარისხო მშენებლობა! ეს სამშენებლო მტვერი რომ არ ვისუნთქოთ თვითეულმა ჩვენთაგანმა. მშენებელსაც უნდა ჰქონდეს ელემენტარული შეგნება, მწვანე ნარგავი არ გაჩეხოს და ისედაც დაბინძურებულ ქალაქში, ყოველ ხუთ მეტრში ახალი შენობა არ ააშენოს… მომხრე ვარ მანქანების ტექნიკური დათვალიერების.
ფაქტიურად ყოველი მეორე მანქანა გაუმართავია… მტკივნეული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ქალაქში ავკრძალოთ გაუმართავი მანქანით გადაადგილება, რადგან პირველ რიგში ჩვენი ბავშვები არიან ყველაზე დაუცველები. ჩვენი მომავალი უნდა დავიცვათ იმ მავნე ზემოქმედებისგან, რაც მოზრდილ ასაკში სერიოზულ დაავადებებს იწვევს. სამწუხაროდ, მოიმატა სიმსივნურმა დაავადებებმა და ეგრეთწოდებულმა ცივილიზაციის დაავადებებმა, როგორიცაა – გაცხიმოვნება, შაქრიანი დიაბეტი… ეს ყველაფერი განპირობებულია არასრულფასოვანი, არაბალანსირებული კვებით და იმ არაჯანსაღი გარემოს შედეგად, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.
ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, თავიდან ავირიდოთ მავნე გამონაბოლქვი. ქალაქში ბევრი 20-25 წლის მანქანა დადის და იმდენად მოძველებულია, უკვე არანაირი დაცვის მექანიზმი აღარ აქვს. ამიტომაც უნდა იყოს ასეთ მანქანაზე დიდი გადასახადი და მკაცრი ჯარიმა. სხვანაირად, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გამოვსწორდებით! ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მიწევს კონფერენციებზე დასწრება და არსად მინახავს 15 და 20 წლის მანქანები. ჩვენც რომ მაღალი განვითარების დონეს მივაღწიოთ, მკაცრი ზომები უნდა გავატაროთ, თორემ ვიმეორებ რომ ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან!
ბავშვისთვის დაუშვებელია ქუჩაში შეძენილი საკვები და ეგრეთწოდებული “ფასტფუდები”. ეს საკვები შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, რომლებიც სამწუხაროდ ზუსტად იმ ცივილიზაციის დაავადებათა გამომწვევია. არ ვიცით გარეთ რა საკვებს ვიძენთ და ამიტომაც ბავშვები კატეგორიულად უნდა მოვარიდოთ!
– ყველაზე ხშირად რა შეცდომებს აწყდებით მშობელთა მხრიდან თქვენ პრაქტიკაში?
– ყველაზე ხშირი შეცდომები ისევ კვებას უკავშირდება… მშობელი დიდი რაოდენობით ტკბილეულს ურთავს დღის რაციონში ბავშვებს და ჰგონია, რომ სწორად იქცევა, რადგან ბავშვს ასე სურს. ეს დიდი შეცდომაა, რასაც შეიძლება სავალალო შედეგები მოყვეს… როდესაც ბავშვი ვთქვათ ნამცხვარს ითხოვს, შეგვიძლია სახლში მოვუმზადოთ და ზომიერად გამოვიყენოთ შაქარი და ცხიმი. შეგვიძლლია სხვა სახის ტკბილეულიც სახლში მოვუმზადოთ და ჯანსაღი შემადგენლობით. სახლში მომზადებული სხვადასხვა სახის ჩირიც ბავშვისთვის სასარგებლოა, ნაყიდი სამწუხაროდ ბევრი სასარგებლო თვისებებით არ გამოირჩევა.