მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯანდაცვის სამინისტროს და საპარლამენტო კომიტეტს რეცეპტების პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა მოუწევს
ნესტან კირთაძე: ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს რეცეპტების პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა მოუწევს

ჯანდაცვის სამინისტროს და საპარლამენტო კომიტეტს რეცეპტების პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა მოუწევს

ნესტან კირთაძე: ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს რეცეპტების პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა მოუწევს

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, ქართულ–აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტს, ნესტან კირთაძეს ვესაუბრეთ.

– რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა და რამდენად საჭიროებს ჯანდაცვის სისტემა ამ რეფორმას დღეს?

მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი გახლავთ არა მარტო პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით, არამედ საკმაოდ რისკიანი და გაბედული ნაბიჯების გადადგმაც ჯანდაცვის მთელ რიგ მიმართულებებში, მათ შორის სხვადასხვა სიმძიმის დაავადების მქონე პაციენტების დაფინანსების საკითხებში.

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რამდენიმე შემთხვევა მინახავს ჩემი ახლობლების, მეგობრების, უბრალოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, როდესაც მათ მომმართეს – ეს იყო, მართლაც, გასაოცარი ვითარება, ძალიან ოპერატიულად ხდებოდა ამ ადამიანების დაფინანსება და მათი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა იგივე მიმართულება გარკვეულწილად შეიცავდა და შეიცავს საფრთხეებს, თუ რამდენად გრძელვადიანი იქნება რეფორმის ეს მიმართულება. ვინაიდან, მოგეხსენებათ, რთულია პროგნოზირება, თუ არსებული სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე რამდენად გაუძლებს საქართველოს ბიუჯეტი ამ მიმართულებას. 

მეორე საკითხი, რომელიც ძალიან მტკივნეული იყო და პირადად შევეჯახე, არის სამედიცინო სერვისების მიწოდების პრობლემა რეგიონებში, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.

რამდენიმე წლის წინ, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იყო მესტიაში, სადაც პატრიარქის ვიზიტი იმართებოდა და მეც იქ ვიმყოფებოდი, იმ დროისთვის ვიყავი პრეზიდენტობის კანდიდატი, როდესაც მომმართეს თხოვნით მაღალმთიანი რეგიონების, მათ შორის მესტიის რაიონის საავადმყოფოების ექიმებმა. ისე მოხდა, რომ მეც და სერგეენკოსაც ერთდროულად მოგვიხდა შეხვედრა ექიმებთან.

პრობლემა იყო ასეთი – ძალიან დაბალი ხელფასების გამო, რაც 150 ლარს არ აღემატებოდა, პრაქტიკულად იცლებოდა მთა და იქ არსებულ საავადმყოფოებს გამოცდილი ექიმები, მათ შორის ქირურგები ტოვებდნენ. პრაქტიკულად მოსახლეობა რჩებოდა პროფესიონალური სამედიცინო მომსახურების გარეშე.

სწორედ მაშინ ვისაუბრეთ ბატონ დავით სერგეენკოსთან, რომ, პირველ რიგში, რეფორმით გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სწორედ მთის რეგიონების ექიმების მაღალი ხელფასები და მაღალი დაცულობა პროფესიონალი ექიმებისა. რამდენადაც ვიცი, რაღაც გაკეთდა ამ მიმართულებით, თუმცა ეს აშკარად არასაკმარისია. 

რაც შეეხება დაგეგმილ რეფორმას, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტი უნდა განვითარდეს. დაახლოებით 90–იან წლებში რამდენიმე კლინიკის ექიმმა თავისი ინიციატივით დანერგა პროექტი ,,ოჯახის ექიმი“, რომელმაც საკმაოდ გაამართლა. ეს არის დასავლური პრაქტიკა და საკმაოდ მნიშვნელოვნად ვითარდება უკვე საქართველოში.

დადებითად ვეხმიანები ოჯახის ექიმისა და ჯანმრთელობის პრევენციის საკითხებში დაგეგმილ რეფორმას. რა თქმა უნდა, მკურნალობა და მისი უზრუნველყოფა ბოლო ეტაპია, მაგრამ ჯანმრთელობის პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტმა არ უნდა დაზოგოს. აქ ჩადებული ინვესტიცია დაკარგულად არ შეიძლება მივიჩნიოთ.

– მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, რეცეპტების ინსტიტუტის შემოღების შემდეგ დაახლოებით 80 პროცენტით შემცირდა სააფთიაქო ნარკომანიის შემთხვევები. ასევე, არამიზანმიმართულად მედიკამენტების გამოყენების რიცხვიც შემცირებულია. რას იტყვით რეცეპტების როლზე?

– რა თქმა უნდა, რეცეპტების შემოღებას თავისი დადებითი მიზანი ჰქონდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დიდ ქალაქში მოქმედებს აფთიაქი, (თანაც ყველამ იცის ამ აფთიაქების სახელწოდებები), სადაც ერთი ათად უფრო ძვირად იძენენ ხოლმე ადამიანები მედიკამენტებს, ისინი, ვინც რაღაც მიზეზის გამო ვერ ახერხებს რეცეპტის მიღებას. ეს ხდება ყველას თვალწინ.

ასე რომ, თუ დასაშვებია, რომ ამ ტიპის აფთიაქებში ადამიანებს ერთი ათად ძვირად, მაგრამ ურეცეპტოდ შეეძლოთ მედიკამენტების შეძენა, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის აფთიაქები ვერ იფუნქციონირებს. ეს პირდაპირ ეხება ადამიანების ჯიბეს და პაციენტი ამ შემთხვევაში უაღრესად გაჭირვებულ ვითაარებაშია, შეიძლება სახლის გაყიდვამაც კი მოუწიოს, რომ მისი ოჯახის წევრს ან ახლობელს შეეშველოს და არ დატოვოს რეცეპტის გამომწერი ექიმის ლოდინში მყოფი.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს მოუწევს რეალური მაგალითების ფონზე ან რეცეპტების პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა, ან ურეცეპტო აფთიაქების ოფიციალურად დაკანონება და დაშვება, სადაც ასე ძვირად კი არ გაიყიდება მედიკამენტები, არამედ იმ ფასად, როგორც იყიდება სხვა აფთიაქებში. ვფიქრობ, ეს ძალიან საჭირბოროტო საკითხია, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, რეალობაა.

kvira.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …