დღეს საქართველოში თითქმის ყველა მიმართულების ექსპერტი თანხმდება, რომ კომერციული ბანკები არაპროფილურ ბიზნესში არ უნდა შედიოდნენ.
იმის გამო, რომ დღეს ბანკების მიერ შექმნილი ჯგუფები არაერთ ბიზნესს ფლობენ, იმის გამო, რომ ქვეყნის მთლიანი ეკონომიკა პრაქტიკულად, 2 ლიდერი ბანკის ხელშია, სხვა ბიზნესი ვერ ვითარდება, კომერციული ბანკების ასეთი საქმიანობა ბიზნესს დივერსიფიცირების საშუალებას არ აძლევს. ამ ყველაფრის ფონზე კი “საქართველოს ბანკის” ჯგუფი ფარმაცევტული ბაზრის სერიოზული მოთამაშე ხდება.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (ევექსი) ფარმადეპოს შესყიდვის შესახებ გუშინ განაცხადა. სიდიდით მეოთხე ფარმაცევტული კოპმანიის შეძენით, ევექსი ქვეყანაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდება სააფთიაქო ბაზარზე. გარიგება ამ დროისთვის კონკურენციის სააგენტოს დამტკიცებას მოითხოვს.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ABC Pharmacia-ს (ფარმადეპო) შერწყმას GPC-სთან ერთად გეგმავს და შედეგად ახალ სააფთიაქო ქსელს JSC Georgian Pharmacy-ს (GEPHA) ქმნის.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წილი ახალ კომპანიაში 67% იქნება, დარჩენილი 33% აქციების მფლობელი კი ფარმადეპო იქნება, კერძოდ კომპანიის აქციონერები ენრიკო ბერიძე და მიხეილ აბრამიძე.
GEPHA -ს მფლობელობაში საქართველოს მასშტაბით 230 სააფთიაქო ქსელი იქნება.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმადეპოს აქციებში 25 მილიონ დოლარს გადაიხდის, აქციების 33%-ს კი ახალ ფარმაცევტულ კომპანიაში ფარმადეპოს 2 აქციონერს გადასცემს. გარიგების დასრულებას ევექსი 2017 წლის იანვარში ელოდება. თანხის სრულად გადახდა 5 წლის ვადაში მოხდება, პირველ ტრანზაქციას კი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 12 მილიონი დოლარის ოდენობით, გარიგების დასრულებისას აპირებს.
აღნიშნული გარიგება მოულოდნელი არ ყოფილა კონკურენტი კომპანიებისთვის. სპეციალისტები კი თვლიან, რომ ამ გამსხვილების შემდეგ არსებული მოთამაშეები კონკურენციას ვერ გაუძლებენ.
ასეთ სიტუაციაში ჩვენთვის გაუგებარია ხელისუფლების დამოკიდებულება, ერთი მხრივ, თითქოს მთავრობაში ამბობენ, რომ ბანკები არ უნდა იყვნენ არაპროფილურ ბიზნესში, მეორე მხრივ კი ვხედავთ, რომ კომერციული ბანკები არაპროფილურ ბიზნესში შესასვლელად ახალ–ახალ გარიგებებს დებენ.
სააფთიაქო ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენის შემდეგ კომპანია „პსპ” -ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდება. რადიო „კომერსანტთან” საუბარში ოქრიაშვილი ამბობს, რომ „ევექსმა” წლის დასაწყისში უკვე იყიდა „ჯიპისი” და ამ პერიოდის განმავლობაში „ჯიპისი” და „ფარმადეპო” ისედაც შეთანხმებულად მოქმედებდნენ, ახლა უბრალოდ ოფიციალურად ხდება გაცხადება. მისივე თქმით, „პსპ-ს” ქსელში 185 აფთიაქი აქვს და მიაჩნიათ, რომ ეს რაოდენობა საკმარისია „ ჩვენ რებრენდინგი გავაკეთეთ და უფრო შინაარსობრივად ვიცვლებით და არა რაოდენობრივად. დღეს „პსპ”-ს ჯგუფს ბაზარზე ყველაზე დიდი ბრუნა აქვს” აცხადებს ოქრიაშვილი.
ბიზნესსამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილის განმარტებით, სააფთიაქო ბიზნესში მსხვილი საბანკო ჯგუფის შესვლა ნიშნავს, რომ არსებული მოთამაშეები ვერ გაუძლებენ კონკურენციას, რადგან საქართველოს ბანკი უპირატეს მდგომარეობაში საკუთარ ჯგუფს ჩააყენებს. ჩარგეიშვილის თქმით, ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში თითქმის ყველა სფეროში ბიზნესი ბანკებმა წაიღეს და კერძო ბიზნესების განვითარება აღარ ხდება. მისივე თქმით, ბაზარზე დარჩებიან მხოლოდ ბანკების მიერ მართვადი კომპანიები.
ჩარგეიშვილის განცხადებითვე, პრობლემაა, რომ არც ეროვნულმა ბანკმა და არც პარლამენტმა საკითხი ბოლომდე არ მიიყვანეს „ დღეს რეალურად საკანონდებლო ვაკუუმია. ეს არის გაქცევა პასუხსიმგებლობისგან. ერთის მხრივ ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ არაპროფილური ბიზნესები აკრძალულია თუმცა რეალურად კანონით აკრძალვა არ არსებობს, საქართველოს ბანკი თავს იმართლებს, რომ სხვა კომპანიები აქვს შექმნილი თუმცა რეალურად ეს ჯგუფი საქართველოს ბანკის კაპიტალით იმართება და ეს არის ერთი ჯიბიდან ამოღებული და მეორეში გადადებული ფული”. – აცხადებს ჩარგეიშვილი.
ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამ გარიგების შემდეგ კონკურენციის გამძაფრებასაც ელოდება. მისი თქმით, „ავერსსა” და „პსპ-სთან კონკურენცია „ფარმადეპოს” უჭირდა ამიტომ შესაძლოა, ამ გარიგების შემდეგ მსხვილი ჯგუფის გამოჩენის შედეგად კონკურენცია გამძაფრდეს და შედეგად მომხმარებელმა ისარგებლოს. ჯანიაშვილი ამბობს, რომ „ავერსი” და „პსპ” სკამაოდ მსხვილი მოთამაშეები არიან და ისინი არა მხოლოდ სააფთიაქო ქსელებს ფლობენ, არამედ აქვთ მედიკამენტების წარმოება, საავადმყოფოები , სადაზღვევო კომპანიები.
“კომერსანტმა” საქართველოს ბანკის ჯგუფის მიერ კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანიის შეძენასთან დაკავშირებით კომენტარის მისაღებად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, აკაკი ზოიძესთან და მის მოადგილესთან, ლევან კობერიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა სამთავრობო ცვლილების გამო მათგან კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა. ამიტომ “კომერსანტი” ამ თემაზე მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ჯანდაცვის სამინისტროში კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.