შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და ჩინეთის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრმა, იან ვეიმინმა საქართველო-ჩინეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მთავრობათაშორისი დოკუმენტი სოციალური პოლიტიკისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველო – ჩინეთის მთავრობებს შორის გაფორმებული დოკუმენტი სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება.
„დღეს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება ერთი მხრივ, სოციალურ პოლიტიკაში გამოცდილების გაზიარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით, ასევე ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ პროექტში, რომელსაც აბრეშუმის სარტყელი ეწოდება,“ – განმარტა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოს სოციალური სისტემა, შრომისა და დასაქმების პოლიტიკა, შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგია, დასაქმების სარეკლამო მომსახურება და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების საკითხები მიმოიხილეს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 10 სექტემბერს დასრულდება.