ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს შორის სსს და შშმ პირების ის სერვისების პილოტირების პროგრამის განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა მოაწერეს.
მემორანდუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსს) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების დასაქმების ხელშეწყობისათვის შესაძლო სერვისების იდენტიფიცირებას, შერჩეული სერვისების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებასა და დასაქმების ხელშემწყობი სერვისების პილოტირებას ისახავს მიზნად.
განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი სსს და შშმ პირთა დასაქმების მხარდაჭერის პროცესში ჩართულ პირთა პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს, რაც მათთვის მეთოდოლოგიის შემუშავებას, ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებას, ასევე დასაქმების ხელშემწყობი სერვისების ეფექტურობის კვლევის დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს.
თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის სერვისების პილოტირების პროგრამის განხორციელებასა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვადებში პილოტირების დაწყებას უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში დასაქმების კონსულტანტთა მინიმუმ ათკაციანი ჯგუფი შეიქმნება. სააგენტო მათ პროფესიული განვითარების ტექნიკურ მხარდაჭერას, სამუშაოს მონიტორინგის მექანიზმის განსაზღვრასა და კონტროლს უზრუნველყოფს.
მხარდაჭერითი დასაქმების მეთოდოლოგიის შემუშავება და მისი მხარდაჭერა მემორანდუმით 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება და პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერმანენტულ რეჟიმში მიეწოდება.