შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ნარკოპოლიტიკის კუთხით, ბოლო წლებში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
ამის შესახებ სერგეენკომ სამტრედიაში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას საკითხზე საუბრისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ რეალობის დასადგენად ერთადერთი ობიექტური საშუალება გამოძიებაა.
,,მე არ ვარ ჩახედული გამოძიების დეტალებში და არც უნდა ვიყო. მჯერა, რომ გამოძიება არის ერთადერთი ობიექტური საშუალება, რომ რეალური სურათი დადოს. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში სახელმწიფოს დამოკიდებულებას, თუ ვინმე ყურადღებით აკვირდებოდა ბოლო წლებში ამ მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, დაინახავდა, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის დასასრული და არ არის ბოლო ნაბიჯები. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. ნარკოტიკებთან მიმართებაში ერთი გლობალურად მიღებული სტრატეგიაა – უნდა შემცირდეს მოთხოვნა და მიწოდება. მიდგომა არ უნდა იყოს რეპრესიული. შემიძლია ცალკე ბრიფინგი მივუძღვნა იმას, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, დემურ სტურუას გარდაცვალცებაზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 22 წლის ახალგაზრდამ ოჯახს წერილი დაუტოვა, რომელშიც სამართალდამცველის მიერ მასზე განხორციელებულ ზეწოლაზეა საუბარი.