შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში ცვლილებების შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაცია გააცნო.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული ექვსპუნქტიანი დადგენილების მიღების შედეგად, პასუხისმგებელ ფარმაცევტს წამლის გაცემის პროცესის გაკონტროლების ვალდებულება ეკისრება.
„ჩვენ ვაკეთებთ დაზუსტებას სანებართვო პირობებში, სადაც გაწერილი იქნება ფარმაცევტის პასუხისმგებლობები და შესაბამისად, შევქმენით ინსტრუმენტი, რომ ფარმაცევტებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა, თუკი ისინი არაჯეროვნად შეასრულებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას,“ – განმარტა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ფარმაცევტებს პირველი ჯგუფის – ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში აეკრძალებათ მესამე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გაცემა სამი წლით, ხოლო მეორე ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტის გაცემა ერთი წლის ვადით. ისინი საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ იმ დაწესებულებებში შეძლებენ, სადაც მხოლოდ რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების რეალიზაციაა დასაშვები.
ჯანდაცვის მინისტრმა ზემოქმედების მეორე ინტრუმენტზეც ისაუბრა, რომელიც თავად მეწარმეებს შეეხებათ. მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, სამართალდარღვევის ფაქტში მხილებული პირები საქმიანობის ნებართვას ვერ მიიღებენ.
„საქმიანობის ნებართვას ვერ მიიღებს პირი, რომელსაც ჰქონდა სამართალდარღვევა, თუ ის იყო ნასამართლევი ან აქვს დავალიანება ბიუჯეტის წინაშე. ადრე ეს შეზღუდვა არ არსებობდა. ნებისმიერი ადამიანი იღებდა ამ ნებართვას და აგრძელებდა საქმიანობას.“ – განმარტა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
დავით სერგეენკომ მონიტორინგის ახალ სისტემაზეც გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით დღეიდან ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქების მონიტორინგს იწყებს. თბილისში, ზღვისპირა ქალაქებსა და ქუთაისში მონიტორინგის ჯგუფები პროცესს უწყვეტად – 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.
ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა და თხოვნით მიმართა, ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე .
„იმდენად საგანგაშო მდგომარეობაა, რომ საზოგადოების ჩართულობა ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, იქნება მნიშვნელოვანი. თუკი ნახავენ ასეთ ფაქტს, შეგვატყობინონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505, სადაც იქნება კონკრეტული პასუხისმგებელი პირი, რომელთანაც გადამისამართდება ეს ინფორმაცია და ჩვენ ასეთ შემთხვევებზე მოვახდენთ რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში – 24/7-ზე,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.