არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა უკვე 4 თვეა ფარმა მონიტორის ფარგლებში სწავლობს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ფასებს ფანასკერტელის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების, მოვლის საშუალებების, აქსესუარების, ანტისეპტიკური და ანტიჰისტამინური საშუალებების ფასის დადგენის გზით.
ფანასკერტელის აფთიაქში გაერთიანებულია სხვადასხვა ჯგუფის სეგმენტისათვის გათვლილი 8 აფთიაქი. კერძოდ: ჩვილის, ბავშვის, პირველადი დახმარების, ოჯახის, ოფისის, მძღოლის, აგარაკისა და ტურისტის აფთიაქები.
თითოეული აფთიაქი მოიცავს იმ მედიკამენტების, აქსესუარებისა თუ მოვლის საშუალებების ჩამონათვალს, რაც აუცილებელია ამა თუ იმ ჯგუფის აფთიაქის შესავსებად.
ფანასკერტელის აფთიაქების შესწავლის მთავარი მიზანი იყო მოსახლეობისთვის და დაინტერესებული პირებისათვის განახლებადი ინფორმაციის მიწოდება ამა თუ იმ აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასის ცვლილების შესახებ.
პირველ თვეში, როცა ორგანიზაციამ კვლევა დაიწყო, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე უკვე დაწყებული იყო მედიკამენტებზე ფასთა მნიშვნელოვანი შემცირება. ექსპერტთა ნაწილი ფასის დარეგულირებას ბაზარზე ახალი მოთამაშის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლასა და მსხვილ მოთამაშეებს შორის კონკურენციის გაზრდას უკავშირებდა.
მარტის თვესთან შედარებით, ფასები ფანასკერტელის აფთიაქში შემავალ მედიკამენტებზე მნიშვნელოვნად შემცირდა. ყველაზე მცირედით-3%-ით იყო შემცირებული აგარაკის აფთიაქის ღირებულება, რომლის შევსებაც მარტის თვეში 37 ლარი, ხოლო აპრილში კი 36 ლარი ღირდა.
ყველაზე მნიშვნელოვნად აპრილში შემცირებული იყო ოჯახის აფთიაქის ღირებულება. ამ ჯგუფის აფთიაქში შემავალ ანტისეპტიკურ საშუალებებზე, მედიკამენტებზე და აქსესუარებზე ჯამურმა ფასმადაიკლო 33.6%-ით. ფანასკერტელის ყველა აფთიაქზე კი აპრილის თვეში ფასი საშუალოდ 17%-ით იყო შემცირებული.
მედიკამენტებზე ფასთა ცვლილება გამოწვეული იყო კონკურენციის გაზრდითა და მსხვილი მოთამაშეების მიერ საკუთარ სააფთიაქო ქსელებში ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე ფასის კლებით, რაც დაადასტურა კიდეც ფანასკერტელის აპრილის თვის ინდექსმა, რომლის მიხედვითაც ფასები ფარმაცევტულ ბაზარზე მოთხოვნად 200 მედიკამენტზე შემცირებული იყო 0.3 პუნქტით. კვლევის მიხედვით ფასი შემცირებული იყო 16 მედიკამენტზე, 5-ზე ფასი გაზრდილი, ხოლო დანარჩენ მედიკამენტზე კი უცვლელი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მაისის თვის ფანასკერტელის ინდექსის მიხედვით მედიკამენტების ფასი მნიშვნელოვნად 17.43%-ით გაიზარდა, ფანასკერტელის აფთიაქების ღირებულების შემცირების ტენდენცია შენარჩუნდა მაისის თვეშიც. სამკურნალო საშაუალებებზე ფასის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა გამოწვეული იყო ახალი მოთამაშის – ჰუმანითი ჯორჯიას გაპასიურებით და ამის ნიადაგზე „ჰუმანითის ეფექტის“ შესუსტებით, რამაც სააფთიაქო ქსელებს მისცა საშუალება შემცირებული კონკურენციის ფონზე კვლავ გაეზარდათ ფასი მედიკამენტებზე. ამის მიუხედავად, ისევე როგორც აპრილში, მაისშიც ფანასკერტელის აფთიაქებში შემავალ ჯგუფებზე ფასი კვლავ შემცირებული იყო. ეს კი განპირობებული იყო იმით, რომ აფთიაქებში,მედიკამენტების გარდა, შედის როგორც აქსესუარები, ასევე მოვლის საშუალებები, რომელზეც ფასი მედიკამენის ფასის ზრდის ფონზე შემცირებული იყო, რამაც საერთო ჯამში აფთიაქის ღირებულების შემცირება გამოიწვია.
ერთადერთი ჯგუფი, რომლის შევსებაც წინა თვესთან შეადრებით გაძვირდა, მძღოლის აფთიაქი იყო. საერთო ჯამში მძღოლის აფთიაქის ღირებულებამ მაისში 36 ლარის ნაცვლად 38 ლარი შეადგინა. დანარჩენ აფთიაქებში შემავალ მედიკამენტებზე, აქსესუარებზე, მოვლის საშუალებებზე, ანტიჰისტამინურ და ანტისეპტიკურ საშუალებებზე ფასი ყველაზე ცოტა 2 ლარით, ყველაზე ბევრი კი 12 ლარით შემცირდა.
რაც შეეხება ივნისის თვის მონაცემებს, ფასთა კლების ტრენდი შენარჩუნდა და აფთიაქების ღირებულება მცირედით, თუმცა მაინც შემცირდა. კერძოდ, ივნისში ბავშვის აფთიაქი 96 ლარის ნაცვლად 93 ლარი ღირდა, პირველადი დახმარების, ოჯახის, აგარაკის, მძღოლისა და ტურისტის აფთიაქის შემთხვევაში ფასთა ცლილება 1-2 ლარი იყო. გაიზარდა 3 ლარით ჩვილის აფთიაქის შევსება და მისმა ღირებულებამ 151 ლარის ნაცვლად 154 ლარს მიაღწია. ივნისის თვის მონაცემებით ასევე გაძვირებული იყო ოფისის აფთიაქის ღირებულება 89 ლარიდან 92 ლარამდე.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტის თვიდან მოყოლებული,(იმ პერიოდიდან, საიდანაც არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანადცვის პლატფორმა სწავლობს ფანასკერტელის აფთიაქებში შემავალი მედიაკმენტების, აქსესუარების, მოვლის საშუალებების, ანტისეპტიკური და ანტიჰისტამინური პრეპარატების ფასს) ძირითადად ფასის კლების ტრენდი შეინიშნება და ეს ტენდენცია ბოლო 4 თვის განმავლობაში შენარჩუნებულია.