28 ივლისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა ჰეპატიტის დღედ და ჩვენ, ქართველებს მართლაც გვაქვს საამაყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამა გრძელდება, კიდევ უფრო ფართოვდება, ასევე, პოზიტიურია განკურნების მაჩვენებლები. გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ გუნდს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს.
გასული წლის აპრილიდან დღემდე, პროექტში 14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, 5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და 92 პროცენტი სრულად განიკურნა, – ეს სტატისტიკური მაჩვენებლები სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა. დავით სერგეენკოს შეფასებით, ეს ძალიან მაღალი წარმატების პროცენტია.
“იმისთვის, რომ ეს პროექტი დაწყებულიყო, აუცილებელი იყო , მთავრობისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტი და ქვეყანაში ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური გარემო. ეს იყო მთავარი წინაპირობები, რის გამოც პროგრამა დაიწყო. ბოლო 3 თვეა, გადავედით ახალი გენერაციის პრეპარატზე, მოვხსენით ყველა კრიტერიუმი – სიმძიმის, რისკჯგუფის და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი. თუ თვეში შეგვეძლო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა უკვე თვეში 3 000 პაციენტზე ავდივართ. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 000 ადამიანისთვის, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში ამ დაავადებით არის ინფიცირებული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა.
“ბევრი ადამიანი ელოდა იმედით ამ პროგრამას და კარგია, რომ ის, არათუ ამართლებს ყველა მოლოდინს, არამედ, დიდწილად გადააჭარბა კიდეც მოლოდინებს წარმატების მაჩვენებლებით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.