პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში მიმდინარე პროცესები განიხილა.
შეხვედრას ასევე, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და გენადი არველაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს იმპორტის სტრუქტურაში მედიკამენტები 600 მლნ აშშ დოლარამდეა. ამდენად, მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. ქუმსიშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში სახეზეა ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ექსპორტის საკმაოდ მზარდი ტენდენცია.
შეხვედრაზე დაისვა ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია აღნიშნული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის.
მსგავსი ფორმატის შეხვედრა საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის მონაწილეობით პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ფარმაცვეტული ბიზნესის ყველა მსხვილმა წარმომადგენელმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან მომავალშიც გაიმართება.