საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის დღეს, „შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმი ითვალისწინებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და GIZ-ის თანამშრომლობას – შრომის ბაზრისა და მიგრაციის მართვის, შრომითი მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფის და დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის ორგანიზების საკითხებზე.
კერძოდ, მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს:
დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფა,შრომითი მიგრაციის მონაცემთა ბაზისა და მისი მართვის მეთოდოლოგიების შემუშავება, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების ხელშეწყობა (კანონის მიზანია საქართველოში შეიქმნას შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებასა და გამორიცხავენ არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევებს).
მემორანდუმი სამი წლის ვადით გაფორმდება და ხელს მოაწერენ მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, GIZ-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი მარი შეფერი და GIZ-ის პროგრამის „მიგრაცია განვითარებისთვის“ დირექტორი რალფ ზანფტენბერგი.