ლარის კურსის ვარდნას ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაძვირება მოჰყვა. როგორც კვლევებით დასტურდება, ბოლო დღეებში წამლის ფასი, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია.
აფთიაქების ინფორმაციით, ივნისში მედიკამენტები 2-3%-ით გაძვირდა. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, ფარმაცევტული კომპანიების რეაგირება სავალუტო კურსზე ამ შემთხვევაში გაცილებით მომენტალური აღმოჩნდა, ვიდრე ლარის გამყარების პერიოდში.
მართალია, მედიკამენტების გასაიაფებლად იმპორტიორებს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ რეალურად თითქმის არაფერი შეცვლილა. მდგომარეობა დიდად არც “ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლას მოუხდენია. მოლოდინი, რომ მედიკამენტები თვალშისაცემად გაიაფდებოდა, არ გამართლდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ცვლილება ამ მხრივ თითქმის არ შეიმჩნევა. ცხადია, სათვალავში არ მიიღება აქციის ფარგლებში გამოცხადებული ფასდაკლებები, რომლის მიღმაც ფარმაცევტული კომპანიების მარკეტინგული გათვლა იმალება.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანდაცვის პლატფორმა” მედიკამენტების ფასის კვლევას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. ფარმაცევტულ ბაზარზე დაკვირვებას კომპანია ყოველთვიურად ახდენს.
უახლოეს დღეებში ახალი კვლევის შედეგი გამოქვეყნდება, რომელიც ივნისის ტენდენციას ასახავს. აფბა-ში წინასწარ ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა “რეზონანსს” მაინც დაუდასტურეს, რომ ბოლო 1 თვეში ფასის ზრდა რეალურად დაფიქსირდა.
კვლევის შედეგი ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვთა მედიკამენტებს ეხება. “ჯანდაცვის პლატფორმის” ინფორმაციით, შეისწავლეს ჩვილისთვის აუცილებელი აქსესუარების, მოვლის საშუალებებისა და მედიკამენტების საშუალო ფასი, რომელიც 4 წამყვანი სააფთიაქო ქსელის მონაცემებია.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მაისთან შედარებით, ივნისში ბავშვთა მედიკამენტების ფასი გაიზარდა 2%-ით და შეადგინა 154.31 ლარი. მომატებულია ფასი აქსესუარებზე, ხოლო შემცირებულია მოვლის ზოგიერთ საშუალებაზე.
აფბა-ს ხელმძღვანელი შოთა გულბანი განმარტავს, რომ სავალუტო კურსის ცვლილებამ მედიკამენტები ნამდვილად გააძვირა.
“ბოლო კვლევის შედეგზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ წამლებზე ფასი მნიშვნელოვნად არის მომატებული. საბაზრო ლოგიკით, ფასები წინა თვეში უნდა შემცირებულიყო, მაგრამ საპირისპირო მოხდა. ძალიან ცვალებადია კომპანიების გადაწყვეტილება ფასის ცვლილებასთან მიმართებით. ვაკვირდებით მოთხოვნად მედიკამენტებს. აქ არის როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივიც და ე. წ. ჯენერიკები, როგორც გულსისხლძარღვთა დაავადების, ასევე ტკივილგამაყუჩებელი და სხვა. წამლის ფასი არ შემცირებულა მაშინაც კი, როცა კურსი ამის საშუალებას იძლეოდა”, – აცხადებს გულბანი.
სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებისთვის წამლის ფასი ის თემაა, რაზეც საუბარი არ სურთ. მსხვილ კომპანიებში “რეზონანსის” კითხვებს არ უპასუხეს. წამლის გაძვირება არაბრენდირებული აფთიაქების ნაწილმა დაგვიდასტურა. იმპორტიორები კი თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ფასს ინარჩუნებენ. ისინი რეალობის საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ საფასო ცვლილება მათ მიერ მიწოდებულ მედიკამენტებზე ბოლო რამდენიმე თვეში არ დაფიქსირებულა.
კომპანია “ბიოგენეზისის” მენეჯერ ვაჟა თულაშვილის ინფორმაციით, კომპანიას უჭირავს საშუალო კურსი, რაც წამლის ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
“მედიკამენტები არ გაგვიძვირებია მაშინაც, როცა ლარი კატასტროფულ ნიშნულამდე იყო გაუფასურებული. ცვლილებას არც ახლა ვგეგმავთ. დავიჭირეთ საშუალო კურსი, რითაც დღემდე ვსარგებლობთ. ცხადია, სავალუტო რყევა მეტ-ნაკლებად გვაზარალებს, დანაკარგი გვაქვს, მაგრამ ასეთ რისკზეც მივდივართ. ჩვენი უპირველესი მიზანია, მომხმარებელი შევინარჩუნოთ, რასაც ჯერჯერობით ვახერხებთ”, – ამბობს თულაშვილი.
ანალოგიური განცხადება გაკეთდა “თეგა ფარმასა” და “ჰიპოკრატე პლუსში”, სადაც ფასების ზრდა არ დაადასტურეს. კომენტარი არ გააკეთეს “ჰუმანითი ჯორჯიას” წარმომადგენლებმა იმ საბაბით, რომ კომპეტენტური პირი შვებულებაშია და ფასთან დაკავშირებით საქმის კურსში სხვა არავინ არის.
“კონტა-ფარმა-ნაბროს” წარმომადგენელი, კომპანიის დირექტორი ნინო ნანუაშვილი ამბობს, რომ წამლის ფასი კურსის ადეკვატურია.
“ფასს ჩვენ არ ვადგენთ, თვითღირებულებაზეა დამოკიდებული. 18 თეთრი ღირდა და 28 თეთრი გახდა, არავისთვის უნდა იყოს მოულონელი. შეგნებულად არავინ აძვირებს, რის შესაძლებლობასაც კურსი იძლევა, ფასიც ისეთია. ამ ეტაპზე მაღალია. თუ იმპორტორი მიმდინარე პერიოდში შემოიტანს წამალს, კურსის დასტაბილურების შემთხვევაში, ბუნებრივია, ფასს ვერ შეამცირებს.
წამლის იმპორტი არ ხდება ყოველდღიურად, რომ ცვლილება მყისიერი იყოს. კურსი მაღალი იყო მაშინაც, როცა ჩვენმა კომპანიამ პროდუქტი შემოიტანა, ამიტომ მედიკამენტები ვერ გავაიაფეთ. ეს არ არის ჩვენს სურვილზე დამოკიდებული”, – აცხადებს ნანუაშვილი.
ორთაჭალაში მდებარე ერთ-ერთ არაბრენდირებულ აფთიაქში განაცხადეს, რომ ივნისში თითქმის ყველა დასახელების უცხოური მედიკამენტი 2-3%-ით გაძვირდა.
“მაქსიმალურად ვცდილობთ ფასის შენარჩუნებას, მაგრამ არ გამოგვდის. ყველაფერი სავალუტო კურსზეა მიბმული. იმის გამო, რომ ხშირად რყევაა და კურსმა სტაბილურობა დაკარგა, ფასის გადახედვა ლამის ყოველდღე გვიწევს. ივნისში ფასმა, საშუალოდ, 2-3%-ით მოიმატა. უფრო მეტადაც შეგვეძლო გაძვირება, მაგრამ მაქსიმალურად შევიკავეთ თავი, რაც კომპანიის შემოსავალზეც აისახება”, – ამბობს ლელა წერედიანი, აფთიაქის თანამშრომელი.
სპეციალისტები არ მალავენ, რომ წამლის მაღალი ფასი საქართველოში ოლიგოპოლიური ფაქტორითაც არის განპირობებული. ისევე როგორც საწვავის იმპორტიორების შემთხვევაში, სპეციალისტები ხელისუფლებას ურჩევენ, ფარმაცევტული ბაზრითაც დაინტერესდნენ და კვლევა ამ მიმართულებითაც განახორციელონ.