შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე დღეს, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური დასაქმების ფორუმის შედეგებს მედიას გააცნობენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დასაქმებული კანდიდატები „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრენინგ ცენტრში გადამზადების ინტენსიურ კურსს გადიან.
”სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ საცალო გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსიაზე კანდიდატურების გადარჩევა დაასრულა. დასაქმების ფორუმი მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.
2016 წლის 21 აპრილს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმზე, გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსიაზე დაინტერესება 1500-მდე ადამიანმა გამოთქვა.
სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ფორუმის თითოეულ მონაწილეს გაესაუბრნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამუშაოს შესახებ.საბოლოოდ 212 კანდიდატი შეირჩა, რომლებიც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრენინგ ცენტრში გადამზადების ინტენსიურ კურსს გადიან. შერჩეული კანდიდატებიდან 43 სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელია.
ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების „ჯიპიაი ჰოლდინგისათვის” გაგზავნა.
სამინისტროს ამოცანაა სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.