ბოლო ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე ბიოტექნოლოგიამ საშუალება მისცა ექიმებს უფრო თვალნათლივ დაენახათ ტვინში არსებული რეცეპტორების როლი, რომელიც ოპიატების (მორფინის ჯგუფის ალკალოიდების) რეგულირებაში მონაწილეობს.
ნარკოდამოკიდებულება ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობაა, რომელიც ოპიატის უწყვეტი მიღების შედეგად არის გამოწვეული. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით დოქტორმა ანდრე ვაისმანმა მკურნალობის თანამედროვე ANR მეთოდი, იგივე აქტიური ნეირო რეგულაციის მეთოდი, შეიმუშავა და ზედმეტი რეცეპტორების დონეზე კურნავს ოპიატებზე დამოკიდებულებას.
ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილის მოწვევით, ანდრე ვაისმანი თბილისს ეწვია და გამოცდილება ქართველ კოლეგებს გაუზიარა. გთავაზობთ ინტერვიუს ექიმთან, რომელმაც თავისი მკურნალობის უნიკალური მეთოდის წყალობით ნარკოდამოკიდებულებისგან 23 ათასზე მეტი ადამიანი განკურნა.
ბატონო ანდრე, რატომ დაინტერესდით საქართველოთი, რა არის თქვენი ვიზიტის მიზანი?
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ქართველი ჩამოდის ისრაელში მკურნალობის მიზნით. ამასთან ერთად, ბოლო დროს საქართველოდან მკურნალობის ჩემეული მეთოდის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა და ვიზიტიც მთხოვეს, რომ გამოცდილება გამეზიარებინა ქართელი ექიმებისათვის.
აქამდე ვერ შევძელი ვიზიტი, რადგანაც მკურნალობას სათანადო სამედიცინო აღჭურვილობა და პერსონალი სჭირდება. 2016 წლის დასაწყისში დამიკავშირდა ექიმთა კონკრეტული წრე, რომლებმაც შეძლეს უზრუნველეყოთ ყველა საჭირო პირობა და მეც გადავწყვიტე, რომ სწორი დრო იყო ვიზიტისათვის.
რით გამოირჩევა თქვენი მკურნალობის მეთოდი სხვა მეთოდებისგან? მკითხველისთვის მარტივად გასაგებ ენაზე რომ აგვიხსნათ, კონკრეტულად მკურნალობის როგორ გზას გადიან თქვენთან მოსული ადამიანები?
მკურნალობის მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ აღვადგინოთ ბალანსი ენდორფინებსა და იმ რეცეპტორებს შორის, რომლებიც პაციენტს საშუალებას აძლევს გათავისუფლდეს წამალდამოკიდებულებისა და მენტალური შიმშილისგან, რასაც სლენგზე „ლომკას“ ვუწოდებთ ხოლმე. მკურნალობის დასასრულს პაციენტს უბრუნდება ბალანსის შეგრძნება. მას აღარ უჩნდება მოთხოვნილება ნარკოტიკისადმი და არც ფსიქოლოგიურ შიმშილს განიცდის.
სტაციონარში პაციენტს საშუალოდ 36 საათის გატარება უწევს, 4–დან 6 საათამდე კი ის ანესთეზიის პირობებში იმყოფება. ანესთეზია ყველაზე რთული პერიოდის მარტივად გადალახვას უწყობს ხელს, რასაც, როგორც წესი, წამალდამოკიდებულები „ლომკის“ დროს განიცდიან ხოლმე. ამ დროს ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ანესთეზიის დროს ჩვენ ვბლოკავთ იმ ზედმეტ რეცეპტორებს, რომლებიც ნარკოტიკისადმი მოთხოვნილებას იწვევს.
პაციენტმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს მედიკამენტი რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც ეხმარება აღნიშნული რეცეპტორების დაბლოკვაში. მედიკამენტოზური ჩარევა ინდივიდუალურია პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს პერიოდი საშუალოდ რამდენიმე თვეს გრძელდება ხოლმე. მედიკამენტები მიჩვევას არ იწვევს და არც უარყოფითი გვერდითი ეფექტები ახასიათებს.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თბილისში ვიზიტისას პაციენტებს უმკურნალეთ. როგორ დაახასიათებდით მათ მდგომარეობას?
დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით. ერთი პაციენტის შესახებ გეტყვით. ჩავატარეთ მკურნალობის პროცედურა და 4 დღის შემდეგ ის მეუღლესთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრა. ორივე ძალიან გახარებული და ბედნიერი ჩანდა და, რაც კარგად დამამახსოვრდა, ის არის, რომ მეუბნებოდნენ, ვისურვებდით, ყველას ჰქონდეს ასეთი შანსიო.
როგორ შეაფასებდით ვიზიტს? რა გეგმები გაქვთ მომავალში საქართველოსთან დაკავშირებით?
ამ ეტაპზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტ ექიმს გავუზიარო ჩემი გამოცდილება მკურნალობის ამ მეთოდის შესახებ. თუკი შესაძლებელი იქნება, დავნერგოთ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში ეს მეთოდი, რომელსაც მთავრობის მხრიდან გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება.
ჩემთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა საქართველოში ვიზიტი. აქ დამხვდნენ პროფესიონალები, რომლებსაც მართლაც შეუძლიათ სრულყოფილად აითვისონ ANR მეთოდი, თუმცა, ისევ და ისევ უნდა აღვნიშნო, რომ ეს ცოტა ხანგრძლივი პროცესია. ბობ დილანის ცნობილ რეფრენს მოვიშველიებ – ,,შენ შეგიძლია ვარსკვლავებს მიადგა კიბე, მაგრამ ამისთვის თითოეული საფეხურის გავლა მოგიწევს“.