ამ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მედია სკოლა დოქტორ ანდრე ვაისმანთან შეხვედრით გავხსენით. მეცნიერთან, რომელმაც ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნების უახლესი ANR მეთოდის (აქტიური ნეირო-რეგულიაცია) საშუალებით, მსოფლიოში 23 ათას ადამიანზე მეტი განკურნა.
ვაისმანი იმპულსური, ქარიზმატული ექიმია, რომელიც მიიჩნევს, რომ თანამედროვე მედიცინა მოძველებული მიდგომებით არ უნდა იმართებოდეს. ოპიატდამოკიდებული ადამიანების განკურნების მისეული მიდგომა კი სწორედაც რომ თანამედროვე მედიცინის მიგნებაა. ვაისმანის მოღვაწეობდან განსაკუთრებით საინტერესო ეპიზოდი თავის ტვინის სიმსივნის შედეგად, მორფინზე და ჰეროინზე დამოკიდებული 6 წლის კოსტა-რიკელი ბავშვის განკურნებას უკავშირდება. ეს იყო კარგად დოკუმენტირებული ფაქტი, რომელსაც თვალყურს ადევნებდნენ, როგორც საერთაშორისო მედიცინის პროფესორები ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე ბიოტექნოლოგიამ საშუალება მისცა ექიმებს უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო ტვინში არსებული რეცეპტორების როლი, რომლებიც მონაწილეობენ ოპიატის რეგულირებში.
გაირკვა, რომ ადამიანებს, რომლებიც სისტემატიურად მოიხმარენ ოპიატებს, ეტაპობრივად უმრავლდებათ ტვინის რეცეპტორები, რის შედეგადაც ყოველ ჯერზე უფრო დიდი დოზის მიღება უწევთ, რათა თავიდან აიცილონ სიმპტომები და შეინარჩუნონ ეიფორიული მდგომარეობა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, დოქტორ ანდრე ვაისმანმა შეიმუშავა მეთოდი სახელწოდებით ANR ანუ აქტიური ნეირო რეგულაცია, რომელიც კურნავს ოპიატზე დამოკიდებულებას რეცეპტორების დონეზე.
ეს მეთოდი ეფექტურად და უსაფრთხოდ ხსნის დამოკიდებულებას ჰეროინზე, მეტადონზე, სუბოტექსზე, სუბოქსონზე და სხვა ოპიატურ მედიკამენტებზე და კურნავს დამოკიდებულების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს.
ექიმი ვაისმანი ამტკიცებს, რომ ნარკოდამოკიდებულება არის ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობა, რომელიც გამოწვეულია უწყვეტი ოპიატის მიღების შედეგად. დოქტორი ფსიქოლოგების და ფსიქიატრების ჩართულობას ნარკოდამოკიდებული ადამიანების განკურნების პროცესში უაზრობად თვლის და ამბობს, რომ პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობის ამგვარი ფორმა შედეგს არ იძლევა. მეცნიერის მიდგომით მთავარი სწორედ ტვინში მდებარე იმ რეცეპტორების დამარცხებაა, რაც ნარკოტიკულ შიმშილს იწვევს.
“ნარკომანია სიყვარულს ჰგავს, ყველაზე დიდ და მგზნებარე სიყვარულს. ნარკოტიკების მოტრფიალე ადამიანი, როგორც შეყვარებული, გამუდმებით თავისი ვნების ობიექტზე ფიქრობს, მასთან შეხვედრაზე ოცნებობს, შეხვედრის წინ სასიამოვნო ეიფორიას განიცდის, ხოლო თუ “პაემანი” რაიმე მიზეზით გადაიდო, ღელავს; ისევე როგორც სიყვარულით გაბრუებული ადამიანი, ნარკომანიც ყველაფერზეა წამსვლელი. ამგვარი განცდა ეუფლება მას, ვინც ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება”, – ეს განცხადება საერთაშორისო დონის სამედიცინო ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ნარკომანიის პრობლემებს სწავლობს.
დოქტორ ვაისმანის თეორიაც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან მიმართებაში ამ მიდგომას იზიარებს. და თუ ამ თეორიას დავუჯერებთ, შესაძლოა, თანამედროვე მედიცინამ მალე უიმედოდ შეყვარებული ადამიანების ტვინზე ზემოქმედების გზა მონახოს და სიყვარულისგან რეცეპტორების დონეზე განკურნების მეთოდიც დადოს.