„10 ივნისიდან C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები გაუქმდება, ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად დაავადების სიმძიმისა, საშუალება მიეცემათ ჩაერთონ პროგრამაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე.“
ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღებს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტებს უსასყიდლოდ.
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრირებული პაციენტი, რომელსაც ჩატარებული აქვს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო ყველა კვლევა, გაივლის მხოლოდ რეგისტრაციის ეტაპს (ყველა კვლევის პასუხითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით)
ახალმა პაციენტებმა კი მკურნალობის პროცესში ჩართვამდე უნდა ჩაიტარონ კვლევები და რეგისტრაციისთვის მიმართონ C ჰეპატიტის სერვის ცენტრს (ფალიაშვილის 110) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონალურ ოფისებს.
პაციენტების რიგის მართვა განხორციელდება კლინიკებთან შეთანხმებით. ბაზაში დარეგისტრირების თარიღის მიხედვით.
შემცირდა მოცდის პერიოდიც, განაცხადის ჩაბარებიდან მკურნალობის დაწყებამდე ბენეფიციარს 2 თვის ნაცვლად, ლოდინი მხოლოდ 2 კვირა მოუწევს.
ბრიფინგზე გაჟღერდა კიდევ ერთი სიახლე, რომელიც წელიწადში 20 000-ის ნაცვლად 30 000 პაციენტის მკურნალობას გულისხმობს.
პაციენტთა გაზრდილი ნაკადის უკეთ სამართავად, 9 ივნისს C ჰეპატიტის მომსახურების-ცენტრი (ფალიაშვილის 110 ) გაიხსნება, რომელიც ყოველთვიურად დაახლოებით 2500-3000 პაციენტს მოემსახურება. ცენტრში შესაძლებელი იქნება სკრინინგული კვლევების ჩატარებაც.
პროგრამის ფარგლებში მომსახურების მისაღებად, პაციენტებისათვის სავალდებულო იქნება სერვის-ცენტრში დარეგისტრირება (რიგის ნომრის აღებით), სერვისების შესაბამისად, დამოუკიდებლად იფუნქციონირებს სკრინიგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რიგები.
მომსახურების-ცენტრს ექნება სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სერვის-პროვაიდერების ტექნიკური რესურსის შესახებ და პაციენტის სურვილის და კლინიკების რესურსების გათვალისწინებით განახორციელებს პაციენტების გადამისამართებას, რაც დაზოგავს პაციენტის/კლინიკის დროს და გაამარტივებს როგორც პაციენტებისათვის, ასევე, კლინიკებისათვის სერვისის მიღების პროცესს.
ამავე მომსახურების-ცენტრში იფუნქციონირებს სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელიც C ჰეპატიტთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რიგებისა და კომისიის გადაწყვეტილებების ჩათვლით, მიაწოდებს ბენეფიციარებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ავადობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომადინარე, მომსახურების ცენტრის გახსნა დაგეგმილია ზუგდიდშიც.