მთავარი » სოციალური » გთხოვთ მისცეთ შანსი დედაჩემს, გადამარჩინოს. ნინო სარია ამერიკის საელჩოს მიმართავს
ნინო სარია აცხადებს, დედის ჩაყვანას ის ოჯახის შეერთების გზით 1 წელიწადში ისედაც შეძლებს, მაგრამ შიშობს, რომ 1 წელიწადი ძალიან დაგვიანებული იქნება.

გთხოვთ მისცეთ შანსი დედაჩემს, გადამარჩინოს. ნინო სარია ამერიკის საელჩოს მიმართავს

რამდენიმე თვის წინ სააგენტო “ფოსტალიონში” გამოქვეყნებულ სტატიას აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ  ნინო სარიაზე, რომელსაც ამერიკელი მამაკაცი გადასანერგად თავის თირკმელს აძლევდა, მკითხველთა დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოყვა.

ოპერაციას NBC პირდაპირ ეთერში აშუქებდა. CBS-მა დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო.  დაგეგმილ ოპერაციაზე წერდა ABC, BBC, PEOPLE და აშშ-ს სხვა წამყვანი გამოცემები.

დეკემბერში პენსილვანიის უნივერსიტეტის საავადმყოფოში დანიშნული თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩაიშალა. ამერიკელ გლენ კალდერბანკს, რომელიც ნინოს საკუთარ თირკმელს სრულიად უანგაროდ აძლევდა, გაკვეთისას ღვიძლის დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა და ექიმებმა თირკმლის ამოკვეთა გადაიფიქრეს.

მას შემდეგ ნინო და მისი  ოჯახი დონორს ეძებენ, დარეგისტრირდნენ რამდენიმე საავადმყოფოში თირკმლის რიგში, თუმცა აქამდე უშედეგოდ. შესაფერისი დონორი აღარ გამოჩნდა. დრო კი არ ითმენს.

ნინოს მეუღლე  უკრაინული წარმოშობის ამერიკელია , მათ ერთი შვილი ყავთ. ცოტა ხნის წინ ოჯახის შეერთების გზით ნინოსთან მამა ჩავიდა, თუმცა მისი თირკმელი შეუთავსებელია. ახლა ნინო სარიას უკანასკნელი იმედი დედაა, რომელმაც წინასწარი გამოკვლევები საქართველოში უკვე ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ დონორობას შეძლებს. ამერიკაში ოპერაციისთვის ყველაფერი მომზადდა, მაგრამ ახლა სხვა პრობლემამ იჩინა თავი- საქრთველოში ამერიკის საკონსულო უარს ამბობს ნინოს დედისთვის ვიზის გაცემაზე. 

როგორც “ფოსტალიონთან ” საუბარში ნინო სარია აცხადებს, დედის ჩაყვანას ის  ოჯახის შეერთების გზით 1 წელიწადში ისედაც შეძლებს, მაგრამ შიშობს, რომ 1 წელიწადი ძალიან დაგვიანებული იქნება.

–  მარტის თვეში ჩემი ფისტულა დაიხურა და სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. მკერდში ჩამიდგეს კათეტერი და მისი საშუალებით მიკეთდება დიალიზი. მკერდზე დამაგრებული კათეტერი საშიშია, რადგან პირდაპირ გულზეა მიერთებული. ფისტულა უფრო დაცული იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,  ჩემი სისხლძარღვები ვეღარ უძლებს დიალიზს.

ექიმის თქმით, ასეთი კათეტერი მაქსიმუმ ერთი წელი შეიძლება , მერე უკვე საშიშია მისი ქონა. მოკლედ, მითხრეს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შევძლოთ თირკმლის გადანერგვა. რიგში ვარ “ჯონ ჰოპკინსში”  და Penn-ში, მაგრამ დიდი რიგია და  დრო სჭირდება თირკმლის მიღებას.

-ფისტულის დახურვა რას ნიშნავს? 

-ფისტულა კეთდება ფეხზე , ან ხელზე . ვენა უერთდება არტერიას და იქიდან ხდება სისხლის გაწმენდა დიალიზით. ჩემს შემთხვევაში ვენა ვიწროვდება და იხურება.

-ამიტომ დედამ გადაწყვიტა, რომ აღარ დალოდებოდა რიგს და თვითონ მოეცა თირკმელი? 

-დედა ყოველთვის იყო მზად გადანერგვისთვის, მაგრამ არ ვიყავით დარწმუნებული თუ შეძლებდა. დედა ჩემი ბოლო შანსი იყო, მხოლოდ ის თუ დათანხმდებოდა სასწრაფო ოპერაციას. ტრანსპლანტაციის ცენტრმა გაუგზავნა სია, თუ რა ანალიზები უნდა გაეკეთებინა. ტესტის შემდეგ გადაიგზავნა პასუხები და უთხრეს, რომ უნდა ჩამოსულიყო.

ძალიან დიდი შანსია, რომ შეძლოს და ასე ვთქვათ, სიცოცხლე შემინარჩუნოს. ტრანსპლანტაციის ცენტრიდან მიღებული წერილი დაურთო ვიზის აპლიკაციას. აპრილის ბოლოს გავიდა გასაუბრებაზე და უარი მიიღო. ვიფიქრე, რომ რაღაც შეცდომა იყო, ასეთ თემაზე უარს როგორ იტყოდნენ. შეიტანა განცხადება მეორედ და გასაუბრება 16 მაისს დაინიშნა. რადგან ერთხელ უარი ჰქონდა, მითხრეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ სახელმწიფოს წარმომადგენლები მიწერდნენ წერილს და ამიტომ, ჩავრთეთ  ნიუ ჯერსის წარმომადგენელი კონგრესში.

საქართველოდან კი ჯანდაცვის სამინისტრო, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ მინისტრს და მის მოადგილეს, ბ-ნ ვალერი კვარაცხელიას, თუმცა მათმა თხოვნამაც არ გაჭრა და დედამ მეორედაც უარი მიიღო.

-რა არის უარის მიზეზი?

-ამერიკაში, ვიზის ცენტრში მითხრეს, რომ კონსულმა დააფიქსირა მისი აზრი. ის შიშობს, რომ დედა შესაძლებელია ამერიკაში დარჩეს საცხოვრებლად. ამის შემდეგ რამდენჯერმე მივწერე წერილი საკონსულოს, რომ დედაჩემს, ნანა გულუას აქ ცხოვრება რომ უნდოდეს, მე, როგორც ამერიკის მოქალაქეს მაქვს უფლება შემოვიერთო ჩემი ოჯახი, მაგრამ ამ პროცედურას მინიმუმ 1 წელი ჭირდება. მე კი არ ვიცი, ამდენი დრო მაქვს თუ არა.

-პასუხი მიიღეთ? 

-ერთიდაიგივე ტექსტი მომდის იმეილზე. მგონი აკოპირებენ და ყველა შეკითხვაზე ერთი და იგივე პასუხს გზავნიან. შევეცადე დავკავშირებოდი ელჩს საქართველოში, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მხოლოდ ფეისბუქგვერდზე შევძელი დაკავშირება. იქიდან მომივიდა პასუხი, რომ ელჩს არ აქვს საკონტაქტო ნომერი, არც მეილი, არც ფაქსი და რა ვიცი, არაფერი. მობრძანდით და ეზოსთან მდგომ დაცვის წევრს დაუტოვეთ წერილიო.

მე ყველაფერი კარგად მესმის. ვიცი, რომ კანონის მიხედვით კონსულს აქვს უფლება არ გაუშვას ესა თუ ის პირი და ამაში ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება. უბრალოდ, როცა მიიღებ წერილს, სადაც წერია, რომ მიეცი შანსი დედას, რომ შვილი გადაარჩინოს, არ ვიცი როგორ უნდა თქვა ამაზე უარი.

არ მინდა მჯეროდეს, რომ ასეთი რამ ადამიანს შეუძლია. არც აქ სჯერათ, ტრანსპლანტაციის ცენტრშიც გაიგეს და მითხრეს, არ გვჯერა, ასეთ საქმეზე უარი არასდროს მიგვიღიაო. ინდოეთიდან და ვიეტნამიდანაც კი გვყოლია ხალხი და ეს როგორ მოხდაო. კონგრესმენის ოფისიდანაც იგივე წერილი მივიღე. აღარ ვიცი, ვის უნდა მივმართო, ან რითი უნდა დაამტკიცოს დედამ, რომ აქ არ დარჩება.  შეიძლება, თქვენი სააგენტოს მეშვეობით მივმართო ამერიკის საელჩოს თხოვნით?

-რა თქმა უნდა. 

-მივმართავ ამერიკის საელჩოს საქართველოში, კერძოდ იმ პირებს, ვისაც ეხება ვიზის გაცემა. გთხოვთ, გაიზიაროთ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა და ნუ შემიმცირებთ სიცოცხლეს. მყავს პატარა შვილი და არ მინდა უდედოდ დარჩეს. გთხოვთ, მისცეთ შანსი დედაჩემს, ნანა გულუას, მეორედ მაჩუქოს სიცოცხლე…

გგგ

.

ნს

.

ნინო

postalioni.com

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …