მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების 50%-ით დაწევა მოხდება
შემოდგომაზე ზოგიერთი მედიკამენტის გაიაფებაზე განცხადების კომენტირებას დავით სერგეენკო ნაადრევად მიიჩნევს.

200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების 50%-ით დაწევა მოხდება

ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ სეტემბერში 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა მოხდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით სერგეენკომ განაცხადა, ფასების დაწევა არანკლებ 50%-ით მოხდება.

მინისტრის განმარტებით, მედიკამენტებზე ფასების დაწევა, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის გახსნით და ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლით იქნება შესაძლებელი.

,,მომავალი წლისთვის უნდა შევძლოთ, რომ 1000-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე, მნიშვნელოვნად დავწიოთ ფასები. როგორ შევძლებთ ამას? ამისთვის ორი რამ არის საჭირო: თავიდან იყოს აცილებული ექიმების მიერ არასაჭირო, წამლების გამოწერა. ეს არის ხარისხის კონტროლისა და პირველადი ჯანდაცვის ნაწილი და მეორე მიმართულებაა, კონკურენციის გაზრდა.

ბაზარზე უნდა შემოვიდეს ახალი მოთამაშეები. ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. ამის შემაკავებელი ჯერჯერობით ერთადერთი ფაქტორია: ქვეყანას არ აქვს წამლის ხარისხის კონტროლის გამართული სისტემა და შესაბამისი ლაბორატორია. ვფიქრობ, შემოდგომისთვის ამის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება და ეს ორი ინსტრუმენტი ამ შესაძლებლობას მოგვცემს”, _ აღნიშნა სერგეენკომ.

მისივე თქმით, მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების მიზნით, ამ ეტაპზე ფარმაცევტული კომპანიებისთვის წამალზე მოგების ზედა ზღვარის დაწესება არ განიხილება.

Ghn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …