პარტია თავისუფალი დემოკრატების ინიციატივით, წამლებზე არსებული მაღალი ფასების შემცირებისთვის საჭიროა, რომ რეცეპტების შესახებ კანონში ცვლილება შევიდეს, რის შედეგადაც ექიმებს მხოლოდ ჯენერიკული მედიკამენტების გამოწერის უფლება უნდა მიეცეთ.
ჯენერიკული მედიკამენტები არის წამლების ჯგუფი, რომლებიც არიან ბრენდული წამლების ზუსტი ანალოგები, მათი დოზები, შემადგენლობა და ფარმაკოლოგიური თვისებები ბრენდული მედიკამენტების ანალოგურია, თუმცა მათი ფასები 30%-ზე მეტად განსხვავდება.
თავისუფალი დემოკრატების ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მინისტრი ამბობს, რომ ჯენერიკული მედიკამენტების გამოყენების არეალი აუცილებლად უნდა გაფართოვდეს, თუმცა ექიმების იძულება, რომ მათ მხოლოდ ერთი ტიპის მედიკამენტები გამოწერონ, არასწორია.
“თავისუფალი დემოკრატების ჯანდაცვის პროგრამის ძირითადი პოსტულატები მოვისმინე, მინდა მივესალმო ფაქტს, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ჯანდაცვაში მიმდინარე მოვლენებს. რაც შეეხება ამ ინიციატივას, ექიმი აიძულო, რომ ან ორიგინალი ან ჯენერიკი გამოწეროს, ეს არის სპეციფიკური თემა, სადაც ექიმს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება. თუმცა არაერთხელ გვითქვამს, რომ ჯენერიკების გამოყენების სპექტრი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, ამისთვის არის ორი მთავარი ინსტრუმენტი, ესენია: ხარისხის კონტროლი და კონკურენციის გაზრდა“, – ამბობს დავით სერგეენკო.
“ჯენერიკული მედიკამენტები ეს არის ძირითადი სახელი მედიკამენტის, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული და ჰქონდეს სხვადასხვა სახელი. როდესაც რეცეპტში იწერება გენერიკული საშუალება, პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა, რომ მან რამდენიმე პრეპარატიდან აირჩიოს თავისით, რომელი შეიძინოს”, – ამბობს თავისუფალი დემოკრატების ჯანდაცვის ჯგუფის წევრი ირაკლი ფრუიძე.