„ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესი“ შემუშავებულია „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ადამიანის ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების ექსპორტისა და იმპორტის წესს, ორგანოთა ტრანსპლანტაციის მიზნით – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
ადამიანის ორგანოს იმპორტის უფლება აქვს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობით;
ორგანოთა იმპორტის თაობაზე წერილობითი თანხმობის მიღების მიზნით, სამედიცინო დაწესებულება წარადგენს განაცხადს სამინისტროში. განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმ ორგანოთა სახეობის თაობაზე, რომლის იმპორტსაც გეგმავს და იმ აუცილებელ გამოკვლევათა შესახებ, რომლებიც თან უნდა ახლდეს თითოეული სახის ორგანოს, იმპორტის განხორციელების შემთხვევაში, მისი ტრანსპლანტაციისათვის ვარგისიანობის დადასტურების მიზნით [გამოკვლევის შედეგები აივ ინფექციაზე/შიდსზე, B და C ჰეპატიტზე, სიფილისზე, ასევე სხვა აუცილებელ გამოკვლევათა შედეგები, რომელთა ჩამონათვალი [ასეთის არსებობის შემთხვევაში] შეიძლება, განსხვავდებოდეს ორგანოს სახეობის შესაბამისად].
საქართველოდან ორგანოთა ექსპორტი კი დასაშვებია მხოლოდ ტრანსპლანტაციის ბანკის მეშვეობით, სამინისტროს წერილობითი თანხმობით [კანონით, ტრანსპლანტაციის ბანკი წარმოადგენს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებას/სამედიცინო დაწესებულების ნაწილს, რომელიც ახორციელებს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ორგანოთა აღებას, შენახვასა და გადანერგვას]. ორგანოთა ექსპორტის თაობაზე წერილობითი თანხმობის მიღების მიზნით, სამედიცინო დაწესებულება განაცხადს წარადგენს ჯანდაცვის სამინისტროში.
„ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესი“, რომელიც საქართველოს მთავრობამ 22 აპრილს დაამტკიცა, ძალაში 2016 წლის პირველი ივნისიდან შევა.
საქართველოს კანონით „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნების, მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს: რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი; რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი; რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.
ამავე კანონით საქართველოში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია.