ჯანდაცვის სამინისტრო სწორ რელსებზე დგას.მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას გამოეხმაურა. ის მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლი მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს.
მისი თქმით, რეფორმა ჯერ კიდევ ადრე უნდა დაწყებულიყო ამ მიმართულებით:
“პირველად რგოლზე როდესაც გადავა მთავარი აქცენტი, ვფიქრობ, აუცილებელი იქნება ექიმების გადამზადება. ეს რგოლი უნდა იყოს სამკურნალო ღირებულებისა და პრევენციის ფუნქციების მატარებელი. ექიმების ცოდნის არეალი უფრო სიღრმისეული უნდა იყოს.
რაც შეეხება აქამდე გატარებულ რეფორმებს, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გამოიყოს საყოველთაო ჯანდაცვა, თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ სახელმწიფო ამხელა თანხების დაფარვას გარკვეული დროის შემდეგ ვეღარ შეძლებს.
ჩემი აზრით, ძალიან ძლიერი უნდა იყოს კერძო სადაზღვეოები. ამ სექტორში რომ დაახლოებით მილიონ ორასი ათასი ადამიანი გადავიდეს, სახელმწიფოს გამოუთავისუფლდება თანხები და თავისუფლად შეძლებს საყოველთაო ჯანდაცვის მიხედვას.
პირობითად რომ ვთქვათ, ვისაც რა შემოსავალი აქვს, იმის მიხედვით უნდა იხდიდეს თანხას საყოველთაო ჯანდაცვაში. თუ ადამიანს 2000 ლარი აქვს ხელფასი, არ მესმის, რატომ უნდა იყოს საყოველთაო ჯანდაცვის კისერზე, სახელმწიფო ძირგავარდნილი ქვევრი ხომ არ არის.ჯანდაცვის სამინისტრო არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორ რელსებზე დგას.
მაგალითად ავიღოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ეს ყველას დამსახურებაა ერთად და ცალ–ცალკე. დასაწყისში გავრცელდა ჭორები, თითქოს ჩვენზე ცდებს ატარებდნენ, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ სოფოსბუვირი გამოცდილი პრეპარატია, გვერდითი მოვლენები კი თითქმის ყველა პრეპარატს აქვს და ეს მედიცინაში ანომალია არ არის. ჯერ მარტო კვლევების დაფინანსება რად ღირს“– აღნიშნა გიორგი ჩახუნაშვილმა.