21 აპრილს, 10:00-დან 18:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება,-ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე დაესწრებიან. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების პროგრამის ფარგლებში 200 ვაკანსიას- გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე აცხადებს.
კანდიდატებისთვის არ არსებობს მკაცრი მოთხოვნები, სამუშაო გამოცდილების ან სპეციფიკური განათლების კუთხით. ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც არის 25 წელს ზემოთ, აქვს შანსი დასაქმდეს. ფორუმზე კანდიდატებს საშუალება ექნებათ გაესაუბრონ დამსაქმებელს და მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.
ჯანდაცვის სამინისტრო „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევას და მათ „ჯიპიაი ჰოლდინგი“-სათვის გაგზავნას უზრუნველყოფს. სამინისტროში განმარტავენ, რომ მათი ამოცანაა სოციალური მომსახურების სააგენტოს, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიწოდებაზე 2013 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მთელი საქართველოს მასშტაბით 60 000-მდე სამუშაოს მაძიებელი ჰყავს დარეგისტრირებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზანია, ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებაში.