მთავარი » კვირის ინტერვიუ » ყველა საწარმოს აქვს თავისი ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, ჰუმანითი ჯორჯიაც ამას აკეთებს
სამინისტრომ შეიძლება მომსახურება შეიძინოს,გაგზავნოს ნიმუშები შესამოწმებლად. ლაბორატორია უნდა იმსახურებდეს ნდობას,და არ იქცეს ვინმეს წამახალისებელ მექანიზმად

ყველა საწარმოს აქვს თავისი ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, ჰუმანითი ჯორჯიაც ამას აკეთებს

ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ანდრია ურუშაძეს, ფარმაცევტულ ბიზნესსა და კარტელურ გარიგებებზე ვესაუბრეთ.

როგორც ურუშაძემ განაცხადა, ოლიგოპოლიური წარმონაქმნები ადრეც არსებობდა და ახლაც არსებობს.

-ტელეკომპანია „ტაბულაში“ სტუმრობისას თქვენ განაცხადეთ, რომ ბაზარზე იყო მონოპოლიები და ხდებოდა კარტელური გარიგებები, მსხვილი კომპანიები ხელს უშლიდნენ წვრილ კომანიებს წამლის რეგისტრაციაში და ამაში მათ წამლის სააგენტო ეხმარებოდა. რომელ პერიოდში ხდებოდა ეს, თქვენს მინისტრობამდე თუ თქვენს შემდეგ? 

-ეს ყოველთვის ხდებოდა, ვიდრე არ მოხდა ბაზრის განთავისუფლება და ახალი მოთამაშეების გამოჩენა, არ გამარტივდა წამლის რეგისტრაციის რეჟიმი და ის პროცედურები, რომლებიც ზოგადად, წამლის რეგისტარციას და რეალიზაციას ეხება.

– 2009 წლამდე, ანუ ახალი კანონის მიღებამდე თუ იყო ასეთი კარტელური გარიგებები და როგორ ხდებოდა ამ გარიგებების გამომჟღავნება? 

-კარტელური გარიგებები ნიშნავს, როდესაც რამდენიმე მოთამაშე, რომელიც ბაზრის დიდ ნაწილს აკონტროლებს, თანხმდება გარკვეულ ფასზე. ასეთი შემთხვევები ახლაც ხდება. ამიტომ საჭიროა, ხელი შევუწყოთ თავისუფალ კონკურენციას. როდესაც რამდენიმე დიდი მოთამაშე აკონტროლებს ბაზრის დიდ ნაწილს, საფრთხე იმისა, რომ მოხდება ფასზე გარიგება, ძალიან მაღალია.

როდესაც საცალო ვაჭრობის დიდ ნაწილს აკონტროლებენ სწორედ ეს მსხვილი იმპორტიორები, როგორც ჩვენთან ხდება, საფრთხე კიდევ უფრო იზრდება. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს თავისუფალი ბაზრის მხარდაჭერას.

გამომჟღავნება ნიშნავს, რომ კონკრეტულ მედიკამენტებზე ხშირად ფასები შეთანხმებულია, არ ხდება კონკურენცია, წინასწარ რიგდებიან კონკრეტული დასახელების მედიკამენტის შემოტანაზე და მერე შეთანხმებული ფასით შეაქვთ საცალო სავაჭრო ქსელში. ხშირად ფასებზე გარიგებას იყენებენ იმისათვის, რომ დააზარალონ წვრილი და საშუალო მოთამაშეები ბაზარზე.

–ადასტურებთ,რომ თქვენ მინისტრობამდე ბაზარზე ოლიგოპოლიური წარმონაქმნები არსებობდა?  

– ოლიგოპოლიური წარმონაქმნები არსებობდა, რასაკვირველია და ახლაც არსებობს, მაგრამ ამ კანონის მიღებამ და ახალმა რეგულაციამ ეს რისკები შეამცირა, მეტ შემომტანს გაუხსნა გზა, მარტივად რომ ვთქვათ, მეტი იმპორტიორი დარეგისტრირდა. მეტმა ორგანიზაციამ შეძლო ჩამოტანა და საცალო და ასე ვთქვათ, თავისუფალი აფთიაქები აღარ იყვნენ ერთ შემომტანზე დამოკიდებული.

– რა ღონისძიებებს მიმართეთ თქვენ, რომ ერთსა და იმავე ხელში არ აღმოჩნეილიყო წამლის დისტრიბუცია, წამლის წარმოება, სადაზღვევო ბიზნესი, კლინიკები და წამლის იმპორტი, მრავალ ევროპულ ქვეყანაში ეს კანონმდებობით არის აკრძალული? 

–კანონმდებლობამ და რეგულაციამ ზედმეტი ბარიერები ყველა სეგმენტში მოხსნა. იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, ვისაც სურვილი ჰქონდა, ეწარმოებინა წამლების იმპორტი და საცალო ვაჭრობის ობიექტები გაეხსნა, შესაძლებლობა მიეცათ, საქმე წინააღმდეგობის გარეშე ეკეთებინათ. აღარ იყო გადასახდელი ძალიან მაღალი ფასი წამლის რეგისტრაციაზე, აღარ იყო მონოპოლიური კონტრაქტები მსხვილ მწარმოებლებთან, გაიზარდა საცალო ვაჭრობის ქსელი, იმპორტიორების რიცხვი, რეგისტრირებული მედიკამენტების რაოდენობა.

სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციამ საშუალება მისცა პირდაპირ დაემყარებინათ კავშირი შემომტანებთან და უფრო კონკურენტული გამხდარიყო შესყიდვების სფერო. ნახეთ, ვინ იგებდა ტენდერებს, როცა სახელმწიფო საკუთრებაში იყო კლინიკები და შეადარეთ, პრივატიზაციის შემდეგ პერიოდს, როგორ მოხდა ბაზრის დივერსიფიკაცია შემომტანების თვალსაზრისით.

–როდესაც პარალელურ იმპორტს გზა გაუხსენით, დარწმუნებული იყავით, რომ ქვეყანაში ხარისხიანი წამალი შემოვიდოდა? ვინ აგებდა პასუხს იმაზე, რომ დაცული ყოფილიყო წამლის შენახვის წესები, თუნდაც ტრანსპორტირების დროს? 

– პარალელური იმპორტი ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მედიკამენტების ხარისხი მაღალ დონეზეა დაცული, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ ჯობია ვიყიდოთ უფრო დაბალ ფასად, ვიდრე იმ ფასად, რასაც ჩვენ გვთავაზობენ მწარმოებლები საქართველოში. ფალსიფიცირებასთან ბრძოლა კიდევ სხვა არის და ეს ყველას ვალია. თუ წამლის ფალსიფიკაცია ხდება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ის უნდა იყოს დასჯადი. ხარისხის კონტროლი კიდევ სულ სხვა რაღაცაა.

– თქვენ ბრძანეთ, რატომ აკეთებს „ჰუმანითი ჯორჯია“ ლაბორატორიასო და იქვე გააპროტესტეთ, სამინისტროს მზაობა, ააწყოს კვალიფიციური ლაბორატორია. რა მოდელი გაქვთ თქვენ, თუ კერძო კომპანია და სახელმწიფო არ გააკეთებს ლაბორატორიას, მაშინ ვინ უნდა მიხედოს ამ საქმეს? 

– მე არ მითქვამს, რომ „ჰუმანითი ჯორჯიამ“ ლაბორატორია არ უნდა გააკეთოს, ყველა საწარმოს აქვს თავისი ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, ეს კომპანიაც აკეთებს ლაბორატორიას და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ლაბორატორიები არსებობენ თავისთვის, ეს ცალკე სამსახურია. სამინისტრომ შეიძლება ეს მომსახურება შეიძინოს ლაბორატორიისგან და გაგზავნოს ნიმუშები შესამოწმებლად. ეს ლაბორატორიები უნდა იმსახურებდეს ნდობას, რომ არ იქცეს ვინმეს წამახალისებელ მექანიზმად.

ბიუროკრატების ხელში როცა ხდება დიდი ძალაუფლების თავმოყრა, როცა ერთ კომპანიას უკეთეს პირობებს უქმნი, ვიდრე მეორეს, ჩნდება გარკვეული ეჭვი, თორემ ყველა ინვესტიცია მისასალმებელია, რაც შემოდის, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვაში. „ჰუმანითი ჯორჯიასთან“ დაკავშირებით თუ ინვესტიცია კეთდება, ეს არის კარგი. კერძო ბიზნესში ფული შემოდის, ესეც კარგია. ცუდია, როცა ბიუჯეტი აძლევს ფულს, მილიარდებს, აქ არავინ მოდის იმისათვის, რომ საქველმოქმედო პროექტი განახორციელოს, ესაა ჩვეულებრივი მოგებაზე ორიენტირებული პროექტი.

pia.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …