მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკებს არაჩვეულებრივი და ეფექტური შედეგი აქვს
პირადად ვიყენებ პრაქტიკაში ჯენერიკებს. გარკვეული ჯგუფის ჯენერიკების მიმართ პრაქტიკიდან გამომდინარე გვიყალიბდება ნდობა.

ჯენერიკებს არაჩვეულებრივი და ეფექტური შედეგი აქვს

მედიკოსები ინდური წარმოების მედიკამენტების სანდოობასა და ხარისხზე საუბრობენ. 

ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება და ბაზარზე მათი წილის გაზრდა დაასახელა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი იწონებს ინიციატივას და აღნიშნავს, რომ პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელია, საზოგადოების ინფორმირება ჯენერიკების თაობაზე. ზოგიერთი კი, განმარტავს, რომ სანდოობის მიზნით, აუცილებელია სამინისტროს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს.

ნევროლოგი და ოჯახის ექიმი ნატო შენგელია ჯენერიკ მედიკამენტების სანდოობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ენდობა და პრაქტიკაშიც ხშირად იყენებს ჯენერიკებს.

“როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჯენერიკი კარგი ხარისხისაა, შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის გათანაბრებული მაქვს ბრენდულ პრეპარატთან. დღეს სრულიად დასაშვებია ჯენერიკების გამოყენება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტს უჭირს ბრედნული მედიკამენტის შეძენა. პირადად, ჩვეულებრივ ვწერ ჯენერიკებს დანიშნულებაში, თუმცა, არსებობს ზოგიერთი ისეთი ჯენერიკი, რომლის ხარისხშიც დარწმუნებული არ ვარ და ასეთ დროს უპირატესობას ბრენდს ვანიჭებ. ჯენერიკების ხარისხში დაწმუნება კი ხდება პრაქტიკიდან გამომდინარე. როდესაც ესა თუ ის დასახელება უმრავლეს შემთხვევაში, დადებით შედეგს მაძლევს დაავადების მკურნალობისას, ეს მიდგომა ბუნებრივია”, – განმარტავს ოჯახის ექიმი.

მისივე თქმით, ჯენერიკების ხარისხს არ განსაზღვრავს მწარმოებელი ქვეყანა და მიაჩნია, რომ ინდური წარმოების მედიკამენტების მიმართ, სკეპტიკური განწყობაა და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს:

“ინდოეთში ძალიან ბევრ ფრანგულ და ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიებსაც აქვთ ქარხნები. არ აქვს მნიშვნელობა სად არის წარმოებული წამალი – ინდოეთში, ეგვიპტეში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მთავარია მწარმოებელი კომპანია იყოს კეთილსინდისიერი და სანდო”,- აღნიშნავს ექიმი. 

რამდენად ეფექტურია ჯენერიკ მედიკამენტი და რომელ ქვეყნებში იწარმოება ხარისხიანი მედიკამენტები, ამ საკითხზე “პირველი ნაბიჯი საქართველოს” პედიატრ ირმა გოცირიძეს საკუთარი შეხედულება აქვს.

“როგორც პედიატრს მიმაჩნია, სასურველია, პაციენტის მშობელს ექიმმა აუხსნას, რომ კონკრეტული სიმპტომების სამკურნალოდ არსებობს როგორც ბრენდული, ისე ჯენერიკ მედიკამენტი, განუმარტოს წამლების დადებითი მხარეები, ასევე, აცნობოს მათ ღირებულებებს შორის სხვაობა და ამის შემდეგ ერთად შეჯერდნენ, თუ რომელ წამალს დანიშნავს საბოლოოდ ექიმი”,- აცხადებს ირმა გოცირიძე.

პედიატრს ასევე, მიაჩნია, რომ პაციენტსაც უნდა მიეცეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკურნალი თუ ოჯახის ექიმისგან სათანადო ინფორმაციას მიიღებს.

“პირადად ჯენერიკების საწინააღმდეგო, ზოგადად, არაფერი მაქვს. არც მწარმოებელი ქვყნებს ვანიჭებ განსაკუთრებულ უპირატესობას. არსებობს მაღალი ეფექტის მქონე ინდური მედიკამენტები. პირადად გამოვცადე ინდოეთში ყოფნისას ადგილობრივი მედიკამენტები, საკმაოდ ეფექტურად იმოქმედა. მაგალითად, ინდური წარმოების ომეპრაზოლის რიგის პრეპარატები იმდენად ხარისხიანი აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობრებს ვაბარებ, როდესაც ინდოეთში უხდებათ სტუმრობა”, – აღნიშნა ირმა გოცაძემ.

„თუ ჯენერიკი კარგი ხარისხისაა, ის ბრენდისგან არ განსხვავდება“ – მიაჩნია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრს მირიან წიკლაურს და განმარტავს, რომ ჯენერიკი სამკურნალო პრეპარატია, იგივე ფორმულით, შემადგენლობითა და ჩვენებებით.

„მხოლოდ არა იმ ფირმის მიერ გამოშვებული, რომელმაც მედიკამენტი თავდაპირველად დაარეგისტრირა და დააპატენტა. მაგალითისთვის,  პრეპარატი ასპირინი. თავისდროზე, აღნიშნული მედიკამენტი კომპანია „ბაიერმა“ დააპატენტა და ფარმაცევტულ ბაზარზეც პირველად მან შემოიტანა. თუმცა, დღეს მას უშვებს კომპანია „უპსა“, რომელიც არანაკლები ხარისხისაა. მსგავსი მაგალითების მოყვანა შეიძლება სხვა, მრავალი დასახელების მედიკამენტზეც. ანუ ჯენერიკი არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად არის ცუდი. თუ ჯენერიკი კარგი ხარისხისაა, ის ჩვენებითა და მკურნალობის ეეფექტის გათვალისწინებით, არ განსხვავდება ბრენდისაგან. ზოგიერთ შემხვევაში სჯობს ჯენერიკი ბრენდს“,- აცხადებს მირიან წიკლაური. 

ჯენერიკების დიდ ნაწილს ინდოეთსა და სხვა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში აწარმოებენ. მასში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

„ინდოეთშიც ბევრი წარმატებული და სანდო ფარმაცევტული კომპანიაა, თუმცა, არიან ნაკლებად სანდო და წარმატებული კომპანიებიც, როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში. სწორედ, ასეთი განწყობა იყო საქართველოში თავის დროზე თურქულ მედიკამენტებზეც. მათ არ ენდობოდენ, თუმცა, ვიმყოფებოდი რამდენიმე ფირმის ქარხანაში, რომლებიც ძალიან მაღალტექნოლოგიურ დონეზე იყვნენ აღჭურვილნი. არასამართლიანად მიმაჩნია, როდესაც   ჯენერიკ მედიკამენტებს უხარისხო წამლებთან აიგივებენ“,- აღნიშნავს წიკლაური.

ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების საკითხს მედიცინის დოქტორი და იაშვილის კლინიკის კონსულტანტი დალი ლეჟავა გამოეხმურა.

“მოგეხსენებათ, ორიგინალი პრეპარატების შეძენა, დღევანდელ სოციალურ პირობებში, იშვიათი ფუფუნებაა. ამიტომ, აუცილებელია, ჯენერიკებით ვისარგებლოთ. ვფიქრობ, ექიმის ვალდებულებაა, მეტ-ნაკლებად იცნობდეს იმ კომპანიებს, რომელთა პროდუქტიც შემოდის ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე. ეს ექიმის უშუალო მოვალეობაში არ შედის, მაგრამ სინდისიერი ექიმი უნდა ცდილობდეს ამას. უნდა მოიძიოს და თუნდაც მწარმოებელი კომპანიების იმიჯი და კომპეტენტურობა გადაამოწმოს.

პირადად ვიყენებ პრაქტიკაში ჯენერიკებს. როგორც ვთქვი, პაციენტების ერთ პროცენტსაც კი ვერ ვუნიშნავ ორიგინალ პრეპარატს მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. გარკვეული ჯგუფის ჯენერიკების მიმართ პრაქტიკიდან გამომდინარე გვიყალიბდება ნდობა. არის გარკვეული ჯენერიკები, რომლებიც არაჩვეულებრივად მუშაობენ და შესანიშნავი ეფექტური შედეგი აქვთ. მთავარია, ექიმი ტენდენციურად არ მიუდგეს საკითხს“,- აღნიშნავს დალი ლეჟავა.

რაც შეეხება მწარმოებელ ქვეყანას, ექიმი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს თუ მედიკამენტეს შესაბასი ხარსხის სერტიფიკატი გააჩნია და აკმაყოფილებს სტანდარტებს.

„მწარმოებელი ქვეყანა ხარისხს არ განსაზღვრავს, მართალია, ჩემთვის ნაკლებად ცობილია, მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიები, მაგრამ არსებობს დოკუმანტაცია, თუნდაც სერტიფიკატი, ომელსაც უკვე ვენდობი. მაგრამ მიდგომა, რომ ყველა ინდური მედიკამენტი უხარისხო და ცუდია, არასწორია.  მედიკამნეტების ხარისხს  უნდა აკონტროლებდეს მარეგულირებელი ორგანიზაცია, ეს სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს“,– განაცხადა დალი ლეჟავამ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …