პირველად საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი – PET/CT ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინსტალირდა. ცენტრში ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი გაიხსნა, რომლის ინვესტიციამ 5 მილიონ ევროს გადააჭარბა.
Philips Vereos Digital PET/CT- არის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი სრულად ციფრული პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაიტარონ უმაღლესი ხარისხის, უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური კვლევა.
PET/CT არის ბირთვული მედიცინის ჰიბრიდული კვლევა. იგი აერთიანებს პოზიტრონულ ემისიურ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელთა მონაცემების შეჯამებით ვლინდება წარმონაქმნის ზუსტი ლოკალიზაცია და მისი მეტაბოლიზმი. სიმსივნური უჯრედები, ჯანმრთელ ქსოვილებთან შედარებით, გამოირჩევა გლუკოზის გაძლიერებული მეტაბოლიზმით, მეტაბოლური ცვლილებები კი, ყოველთვის წინ უსწრებს ანატომიურს.
პეტ/კტ-ს მეშვეობით შესაძლებელია ისეთი წარმონაქმნების გამოვლენა, რომლებიც არ ჩანს კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევისა და სხვა რადიოლოგიური გამოკვლევების დროს.
სწორედ ამიტომ, პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია უალტერნატივო კვლევის მეთოდია ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.
კვლევა პაციენტისთვის მინიმალურ დროში ტარდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი ონკოლოგიურ პაციენტებს მომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს.
ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის გახსნაზე დასასწრებად, თბილისს ესტუმრნენ კომპანია PHILIPS-ის წარმომადგენლები და მსოფლიოს წამყვანი კლინიკების 16 უცხოელი მეცნიერი.