“ტელემედიცინა სოფლის ამბულატორიებში” – ევროკავშირი, გაეროს სააგენტოები და ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებენ.
ერთობლივი პროექტი ევროკავშირმა, გაეროს ოთხმა ორგანიზაციამ და ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყეს, რომელიც საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში, ტელემედიცინის აღჭურვილობა სოფლის 50 სამედიცინო დაწესებულებაში განთავსდა. მათ შორის ერთ-ერთია სოფელ ქვემო მუხროვანის ამბულატორია, რომელიც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა სილვიუ დომენტემ და გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორმა საბინ მაქლიმ დაათვალიერეს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ COVID-19-ის შემთხვევების უსაფრთხოდ მართვის თვალსაზრისით, ტელემედიცინისა და დისტანციური სამედიცინო სერვისების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
სამწლიანი 4.7 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი მიზნად ისახავს კოვიდ 19 პანდემიისა და შემდგომ პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვასა და ხელშეწყობას.