სიცხეში მუშაობასთან დაკავშირებით საქართველოს პროფესიული გაერთიანება ხელისუფლებასა და დამსაქმებლებს მოუწოდებს, პატივი სცენ მთავრობის ხელმძღვანელის 2014 წლის დადგენილებას და დასაქმებულები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პირობებით უზრუნველყონ ცხელ დღეებში.
პროფკავშირები იშველიებენ პრემიერ-მინისტრის მიერ 2014 წელს გამოცემულ საწარმოო რეგლამენტს, რომლის თანახმადაც, 32,5 გრადუს ცელსიუსზე მუშაობა მხოლოდ ერთი საათით არის დაშვებული და ისიც მხოლოდ საოფისე პორობებში.
დოკუმენტის თანახმად, სიცხეში მუშაობა შემდეგი ინტენსივობითაა დაშვებული:
იმ საწარმოებში, სადაც ენერგოდანახარჯების ინტენსივობა 120 კილოკალორიამდეა საათში და გულისხმობს ჯდომით მდგომარეობაში მუშაობას, რომელსაც ახლავს უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვა, მუშაობა 32 გრადუს ცელსიუსზე, დღეში მხოლოდ ორი საათის განმავლობაშია დაშვებული. საუბარია რიგ პროფესიებზე მრეწველობაში, პოლიგრაფიულ და კავშირგაბმულობის საწარმოებში, მათ შორის, კონტროლიორებზე და სხვადასხვა სახის საწარმოების ოსტატებზე.
მათთვის კი, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია სირთულესთან 10 კილოგრამი სიმძიმის გადატანასთან და გადაადგილებასთან, (საჩამომსხმელო, სამჭედლო, თერმული შემდუღებელი საამქროები, საგლინავი, მანქანათმშენებლობისა და მეტალურგიული საწარმოები) 31 გრადუსის შემდეგ მუშაობა უნდა შეიზღუდოს.
მძიმე სამუშაოს შემსრულებელთათვის საათობრივი შეზღუდვა დაწესებულია 26 გრადუს ცელსიუსიდან. საათობრივი რეჟიმი უნდა დაიცვან საოფისე და შედარებით მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის სამუშაოს შემსრულებლებმაც 28 გრადუსიდან ზევით.
საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სიცხეში მუშაობის შეზღუდვის დროს დიფერენცირებული მიდგომა უნდა არსებობდეს და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირში მოქმედი პრაქტიკა. კერძოდ, როგორ უდგებიან ევროპელები სიცხეში მუშაობას საწარმოებში, რესტორნებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში და რომელია ის მაქსიმალური ტემპერატურა, რომლის დროსაც მუშაობა უნდა დასრულდეს.
მისივე განმარტებით, ესპანეთში ცხელ დღეებში 12-დან 4 საათამდე არავინ მუშაობს. ჩვენი ამინდი და კლიმატი კი ისე შეიცვალა, რომ გადასახედია საქართველოს კანონმდებლობა ამ კუთხით. შეიძლება, ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლებმა 32 გრადუსზე არ იმუშაონ, ზოგიერთებმა კი 35 გრადუსზე. აქ მთავარია, რას იტყვიან ექიმები და რა საშიშროებას იწვევს თაკარა მზეში მუშაობა. ამის შემდეგ უნდა მოხდეს სხვადასხვა დაავადების დიფერენცირება, რადგან ყველასთვის ცნობლია, რომ სიცხეში მუშაობა გულზე უფრო მოქმედებს.
„უნდა არსებობდეს კონკრეტული სახელმწიფოებრივი მიდგომა. მართალია, ამ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი, მაგრამ დასკვნებს უნდა ამზადებდეს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი და სამინისტრო. ფეროშენადნობ ქარხანაში მომუშავე პირისთვის სულ სხვა წესები უნდა იყოს, რესტორანში კონდიციონერით მომუშავე ადამიანებისთვის – სულ სხვა წესები. საოფისე სამსახურები კონდიცირების გარეშე არ ფუნქციონირებს, ამიტომ ოფისებში რეგლამენტი განსხვავებული უნდა იყოს.
ცხადია, გონებრივი სამუშაოს დროს კონდიციონერებით უნდა იყოს ოფისები აღჭურვილი. თორემ, ასე ზეპირად თქმა, 30 გრადუსია დღეს და უნდა დავისვენოთ, არ შეიძლება. იქ, სადაც კერძო ბიზნესია და ადამიანს მუშაობა სურს, სამუშაოზე გასვლას ვერ ავუკრძალავთ. ხოლო იქ, სადაც მავნე საწარმოა, ნაკლებ ტემპერატურაზე უნდა იმუშაონ, რათა მაღალ ტემპერატურაზე არ მოხდეს ქიმიური რეაქცია“, – აცხადებს თემურ ვეკუა და განსაკუთრებულად გამოარჩევს სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა მძიმე სამუშაო გრაფიკს.
მისი თქმით, კონკრეტულ ხაზზე დასაშვები არ უნდა იყოს იმ სატრანსპორტი საშუალებების გაშვება, რომლებიც კონდიციონრებით არ არიან აღჭურვილნი. მათ შორის, საუბარია ავტობუსებზე, სამარშრუტო ტაქსებზე, უბრალო ტაქსებზე. პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში საწვავს ზოგავენ და არ რთავენ კონდიციონერს. არადა, ასეთი მაღალი ტემპერატურის დროს არაკონდიცირებული ჰაერის ატანა თვითონ მძღოლებისთვისაც ურთულესია. მით უმეტეს, ამდენი მგზავრის სიცოცხლე აბარიათ. ისინი მთელი დღე ზიან საჭესთან სიცხეში, ამიტომ მათ სამუშაო საათები უნდა შეუმცირონ.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მშენებლობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიკროავტობუსების მძღოლების 85%-ს უკვე ჩართული აქვს კონდიცირების სისტემა. სამწუხაროდ, ყვითელ ავტობუსებში სავალალო მდგომარეობაა. თუ გარეთ 35 გრადუსამდეა, ე.წ. პატარა „ბოგდანებში“, სადაც არის ძრავები მძღოლის გვერდით, ტემპერატურა შეიძლება, 60-65 გრადუსამდე ავიდეს. რაც შეეხება დიდი ზომის „ბოგდანებს“, ამ ყვითელ ავტობუსებში მაინც უკან არის ძრავა და, ფაქტობრივად, რა ტემპერატურაც გარეთაა, ის შიგნით ფიქსირდება.
„მიმდინარეობს ამაზე მუშაობა, რომ შეიცვალოს „ბოგდანის“ ტიპის ტრანსპორტი. თორემ სიცხის დროს ამ ავტობუსებში სავალალო მდგომარეობაა. მათგან განსხვავებით, ლურჯ ავტობუსებში კონდიციონერები ჩართულია. სატრანპორტო კომპანიებთან ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ 50-ლარიანი დანამატი მიეცემათ მძღოლებს მავნე სამუშაო პირობების გამო. თუმცა ნაწილობრივი კომპენსირება გამოსავალი არ არის, სასწრაფოდ შესაცვლელია ძველი ტრანსპორტი. ზოგჯერ ყვითელ ავტობუსებში გაისმის საყვედური მძღოლის მიმართ, ჩაგვირთეთ კონდიციონერი, ვიცით, რომ გაქვთ ეს სისტემა და არ რთავთ, მაგრამ საიდან უნდა ჩაურთონ, როცა ამ ავტობუსებს არ აქვთ კონდიციონერი?!“,
– აცხადებს ლავრენტი ალანია და იზიარებს პროფკავშირების მოთხოვნას, რომ თაკარა მზეში არ უნდა მუშაობდნენ მეგზევები, „ბი-პი“-ის პროექტზე მომუშავენი, რომელთაც ტრიალ მინდორზე გაჰყავთ მილსადენები, ან ელშედუღებას აწარმეობენ.
ასევე, სიცხეში სახიფათოა მშენებლობაზე მუშაობა. ზოგჯერ მე-12 სართულზეა მშენებელი ასული, რაც დაუშვებელია. ეს საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას.
ლავრენტი ალანიას თქმით, ჟურნალისტებსაც საველე სამუშაოები აქვთ, რადგან ზოგჯერ ქუჩაში დგანან და რესპონდენტს ელოდებიან ამ სიცხეში. 38-40 გრადუსის ზემოთ კი კონდიციონერიც არ შველის ადამიანს და, წესით, უნდა შეწყდეს მუშაობა.