ორგანიზაცია “არტინფო საქართველომ” ცხელი დღეების გამო თანამშრომლების დასვენების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი დათო ნადირაძე აცხადებს, ზაფხულის განმავლობაში 32 გრადუსზე მეტი სიცხის შემთხვევაში, “არტინფო-საქართველოში” შემავალ ყველა პროექტზე დასაქმებული პერსონალისთვის არასამუშაო დღეები იქნება.
“ჩვენი ღირებულებებიდან გამომდინარე, თითოეული თანამშრომელი განძია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. მაშინ, როცა საზიანოა ადამიანის სიცხეში გასვლა, ვფიქრობ მნიშვნელოვანია თავი ავარიდოთ რისკებს. თუ თანამშრომელი პროდუქტიული არ იქნება და გაღიზიანებული იმუშავებს, უმჯობესია სახლიდან შეასრულოს სამუშაო ან დაისვენოს”,- განაცხადა დათო ნადირაძემ.
ამასთან, ცხელი დღეების გამო, “არტინფო საქართველოს” თანამშრომლების მიერ დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადადებულია. “არტინფო” აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს ჯანმრთელობის საკითხებზე, ახალგაზრდულ ონლაინ რადიოს “Losi” და ახლადშექმნილ საინფორმაციო სააგენტოს “არტნიუსი”.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა და მოსახლეობას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდა. თუმცა უწყებას ჯერჯერობით არ გაუცია რეკომენდაცია საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთათვის უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით.