საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის სისტემის დახვეწაზე ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა სამომავლო გეგმებს და განაცხადა, რომ 30 წუთის განმავლობაში, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება:
„ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი შემდგომი ნაბიჯები იქნება დახვეწა არსებული ჯანდაცვის სისტემის. უნდა განვაცხადოთ, რომ როგორც დღემდე კვლავაც უზრუნველვყოფთ თანამოქალაქეების არსებითი ჯანდაცვის პაკეტის მიწოდებას. გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი და სპექტრი იმ ჯანდაცვის პროდუქტების, რომელიც მიეწოდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს. მედიკამენტები გახდება უფრო ხელმისაწვდომი.
300 დასახელების საბაზისო მედიკამენტი, პირველადი მოხმარების მედიკამენტი, იქნება ხელმისაწვდომი და სახელმწიფო მოახდენს ზღვრული ფასების დაწესებას. 30 წუთის განმავლობაში, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ეს ძალიან ამბიციური პროგრამაა, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ მივაღწიოთ ამ შედეგს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაავადებების პროფილაქტიკაზე:
„აუცილებლად გაგრძელდება C ჰეპატიტის პროგრამა. ჩვენი გეგმაა, 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოში ეს დაავადება აღმოიფხვრას. ეს არის აბსოლუტურად რეალისტური. დღეს ამ პროგრამით ათი ათასობით ადამიანმა ისარგებლა.
90%-ზე მეტი არის განკურნებული ამ დაავადებისგან. სწორედ ამიტო,მ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ტემპის შენარჩუნებით, კიდევ უფრო გაფართოებით, შესაძლებელია, C ჰეპატიტი იქნას დაძლეული და ასი ათასობით ადამიანი გადარჩეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.