28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, პროფკავშირები ამ დღეს ტრადიციულად საპროტესტო აქციით აღნიშნავენ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ოფისში პროფკავშირების წარმომადგენლები საწარმოო შემთხვევების დროს დაშავებულთათვის სისხლს გაიღებენ. შემდეგ კი მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
პროფკავშირები ხელისუფლებას საწარმოო უბედური შემთხვევების დროს დაღუპულთა საგანგაშო სტატისტიკას შეახსენებენ და ქმედითუნარიანი შრომის ინსპექციის შექმნას მოითხოვენ. ასევე, 15:30 საათზე, ქაშუეთის ეკლესიაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება თავის საქმიანობაში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა და უთმობს შრომის უსაფრთხოების საკითხებს, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე ღირებული. სამწუხაროდ, საქართველოში შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა, ამ მიმართულებით მოქმედი ინსტიტუციების უფლება-მოვალეობები და სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკა არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის დასაქმებულების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა პრიორიტეტული“, – აცხადებენ პროფესიულ გაერთიანებაში.
მათივე განცხადებით, 2007-2016 წლებში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა და 716 მძიმედ დაშავდა.
„2016 წელს გარდაიცვალა 58 და მძიმედ დაშავდა 84 ადამიანი. 2015 წელს გარდაიცვლა 42, ხოლო მძიმედ დაშავდა 80 დასაქმებული. სამწუხაროდ 2011 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილებზე სასიკვდილო შემთხვევების დინამიკა მზარდია. ზემოაღნიშნული დროის მონაკვეთი არის ის პერიოდი, როდესაც უკვე აღარ ფუნქციონირებდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რამაც ხელი შეუწყო უბედური შემთხვევების ზრდას სამუშაო ადგილებზე.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მრავალი წელია, რაც მოითხოვს საქართველოს მთავრობისაგან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციის – “შრომის ინსპექციის შესახებ მრეწველობასა და ვაჭრობაში” რატიფიცირებას და ქმედითი შრომის სახელმწიფო ინსპექციის შექმნას“, – განაცხადეს პროფკავშირებში.
მათივე თქმით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ შრომის უსაფრთხოების საკითხები დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად მიიჩნია და 2003 წლის 28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ მუშაკთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
ეს დღე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კი “სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ მუშაკთა საერთაშორისო დღეს” 2004 წლიდან აღნიშნავს.