მთავარი » ახალი ამბები » 21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
მიუხედავად მცდელობისა - დაუნის სინდრომის შესახებ მოსახლოების ინფორმირებულობა გაიზარდოს, საქართველოში მას ჯერ კიდევ უყურებენ, როგორც დაავადებას.

21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს.  2011 წლის 21 მარტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო)  ეს დღე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. საქართველოში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2011 წლიდან აღინიშნება. 

მიუხედავად არაერთხელ დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიისა და მცდელობისა – დაუნის სინდრომის შესახებ მოსახლოების ინფორმირებულობა გაიზარდოს, საქართველოში მას ჯერ კიდევ უყურებენ, როგორც დაავადებას.

საქართველოში ჯერ კიდევ სინანულით აყოლებენ თვალს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლებს. საქართველოში ჯერ კიდევ ექმნებათ ამ ადამიანებს ბარიერები საკუთარი უფლებების რეალიზებაში. საქართველოში ჯერ კიდევ ათასგვარი გზით ამახინჯებენ ამ ტერმინს და ადამიანის დაკნინების საშუალებად იყენებენ. საქართველოში ჯერ კიდევ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დაბადებისას სამშობიაროში ეკითხებიან – წაიყვანთ თუ ჩააბარებთ? საქართველოში ორსულობის ფაქტით გახარებულ დედას ექიმი აუცილებლად აფრთხილებს დაუნის სინდრომის შესახებ და მოუწოდებს ჩაიტაროს ძვირადღირებული გენეტიკური კვლევა, რომლის სიზუსტეც მხოლოდ 75%-ია.

მართალია ორსულობის სამედიცინო გაიდლაინში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს კვლევა ერთერთ ნებაყოფლობით გასაკეთებელ ანალიზებს შორის შედის, თუმცა ჩვენს ქვეყანაში საეჭვო პასუხს აუცილებლად მოსდევს სამედიცინო პერსონალისა და ,,კეთილისმსურველი“ ადამიანების მხრიდან რჩევა აბორტის გაკეთების შესახებ.

საინტერესოა, რომ ორსულობის დროს გაკეთებული გენეტიკური სკრინინგის საფუძველზე გამოვლენილმა ალბათობამ -დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დაბადების შესახებ, გასულ წელს ბრიტანეთში დაახლოებით 3100 ქალს აიძულა ორსულობა ხელოვნურად შეეწყვიტა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი ამ მიზეზით გაკეთებული აბორტების რიცხვი 34%-ით გაიზარდა. 

ამ მიმართულებით მზარდ სტატისტიკას კი სწორედ ის მითები და სტერეოტიპები განაპირობებს, რაც დაუნის სინდრომის მიმართ საზოგადოებაში არსებობს. სინამდვილეში ეს სინდრომი უბრალოდ ადამიანის განსხვავებულობას ნიშნავს. მასში არაფერია საშიში, დაუნის სინდრომი არ არის ცხოვრებისეული სასჯელი. ამ ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ, იმუშაონ, იყვნენ სოციალურად აქტიურები, ყავდეთ ოჯახი, იყოლიონ შვილები.

ამ რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი 5 თვის გოგონა ტაძარში ვიყავით. მანამდეც შემჩნეული მყავდა, უზომოდ კეთილი თვალები აქვს. მოვიდა და ჩურჩულით მითხრა. ვიცი, რომ კოცნა არ შეიძლება, ხელს დავადებ და ვსო… ეთამაშა, უყურა სიყვარულით გამთბარი სახით და დაგვემშვიდობა.  იმ დღიდან გამოყოლილი დადებითი ემოციები ეხლაც პოზიტივით მავსებს.  დღეს ამ ბლოგის დაწერის ინსპირაციაც ამ კეთილი და ყველაზე მაგარი ადამიანისგან მოდის.

დღეს 21 მარტია, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე. ამ დღის მიზანი საზოგადოებაში არსებული სტიგმის დაძლევაა. ამ დღის მიზანია, რომ წლიდან წლამდე 21 მარტს დაუნის სინდრომის შესახებ მეტი ინფორმაცია გვქონდეს და მეტი სტერეოტიპი მოვიტოვოთ უკან.

მეგობორებო, ნუ დაითვლით ქრომოსომებს, მიეცით ამ ადამიანებს სიცოცხლის და თვით რეალიზების უფლება.

ნათია ნარმანია, ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …