შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ დასაქმების საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ ბრიფინგი გამართეს.
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას იწყებს და პროექტის ფარგლებში 200 ვაკანსიას აცხადებს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. კანდიდატებს სთავაზობს უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 21 აპრილს დასაქმების ფორუმზე, რომელიც გაიმართება ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში, 10:00 – 18:00 საათამდე.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიაროს გასაუბრება და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია გამოცხადებულ ვაკანსიაზე. არ არსებობს მკაცრი მოთხოვნები სამუშაო გამოცდილების ან სპეციფიკური განათლების კუთხით. ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც არის 25 წელს ზემოთ, ენერგიული და შრომისმოყვარე, აქვს შანსი, დასაქმდეს „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ში და შეიქმნას წარმატებული კარიერა.
ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევას და შერჩეული კანდიდატების „ჯიპიაი ჰოლდინგი“-სათვის გაგზავნას.
სამინისტროს ამოცანაა სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიწოდებაზე. ამ სერვისებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული სამუშაოს მაძიებლებისათვის და დამსაქმებლებისათვის საშუამავლო მომსახურების გაწევა.
დღეისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს დაახლოებით 60 000 სამუშაოს მაძიებელი ჰყავს დარეგისტრირებული მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია, ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობის განვითარებით ხელი შეუწყოთ სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებაში.