მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » 20 სექტემბრიდან ინ-ვიტრო კლინიკები სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცევიან

20 სექტემბრიდან ინ-ვიტრო კლინიკები სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცევიან

მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან ინ-ვიტრო კლინიკებისთვის რეგულაციები ამოქმედდება, რომლითაც ისინი სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება.

მთავრობის შესაბამისი განკარგულებით ძალაში შედის სანებართვო პირობები დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე.

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია — ესაა უშვილობის მკურნალობის მეთოდები, რომელთა საშუალებით შესაძლოა უშვილობის პრაქტიკულად ყველა ცნობილი ფორმის დაძლევა. დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება:  ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში ინექცია, სპერმის დონაცია,  ოოციტების დონაცია, სუროგაცია საშვილოსნოსში და ინსემინაცია.

მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებამ დამატებით უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები: მასში უნდა იყოს პაციენტის მისაღები და მოსაცდელი სივრცეები, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს სანიტარიული კვანძით (ტუალეტი და ხელსაბანი). დაწესებულებას უნდა გააჩნდეს პაციენტთა საკონსულტაციო, არანაკლებ ორი კაბინეტისა. სპერმის შესაგროვებელი სპეციალური ოთახი  განთავსებული უნდა იყოს მოსაცდელი სივრცის ან ანდროლოგიური ლაბორატორიის მიმდებარედ და აღნიშნულ სივრცეში სავალდებულოა ხელსაბანის არსებობა. დაწესებულებას ასევე უნდა ჰქონდეს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კაბინეტი სანიტარული კვანძით.

არაერთი მოთხოვნაა განსაზღვრული ანდროლოგიური ლაბორატორიისთვის, სადაც ხდება სპერმის ნიმუშების შეფასება, კვლევა, მომზადება და შენახვა. დაუშვებელია ასეთის სივრცის განთავსება საოპერაციო/სამანიპულაციო ოთახში, ამ სივრცეში დაუშვებელია სპერმის მომზადება ინვიტრო განაყოფიერების ან საშვილოსნოს შიდა ინსემინაციისათვის, მას უნდა ჰქონდეს მუდმივი დენის წყარო მაცივრის ტემპერატურის კონტროლისთვის; ლაბორატორიის დაგეგმარება უნდა უზრუნველყოფდეს რეპროდუქციულ ქსოვილებზე მუშაობის პროცესის ასეპტიკურად პირობებში წარმართვას, მასში ტენიანობის  (20 – 60%)  და ტემპერატურის (22 – 26​0C) კონტროლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ამასთან, თუ ანდროლოგიურ ლაბორატორიაში ხორციელდება სპერმის კრიოპრეზერვაცია, სპერმის მომზადება საშვილოსნოს შიდა ინსემინაციის და/ან ინვიტრო განაყოფიერებისთვის, მაშინ სავალდებულოა,  აღჭურვილი იყოს ჰაერის გაუვნებელყოფის საშუალებებით.

დადგენილებით განსაზღვრულია ემბრიოლოგიური ლაბორატორიის, კრიოკონსერვაციის სივრცის, სასტერილიზაციოსა და სხვა სივრცის სტანდარტები, ასევე სხვა ტექნოლოგიური მოთხოვნები, მათ შორის: სინათლის მიკროსკოპი, რომელიც აღჭურვილია 10, 20, 100 გადიდების მქონე ლინზებით, ლაბორატორიული მაცივარი (+4 – +8​0C რეჟიმით) და საყინულე  -18​0C რეჟიმით

რაც შეეხება მედპერსონალს, დადგენილების თანახმად, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების ყველა ექიმი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში რეპროდუქტოლოგიური მომსახურების მიმართულებით და ყოველწლიურად უნდა აგროვებდეს 30 ქულას.

ინ-ვიტრო კლინიკების საკითხის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის აპრილში, გამოცემა ipress.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მაშინ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო გეგმავდა შეიმუშავოს პროექტი, რომლითაც ინ ვიტრო კლინიკები რეგულირების სააგენტოს რეგულაციების ქვეშ მოექცევა.

მინისტრის თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც უკონტროლოდ და ქაოსურად მიმდინარეობს პროცესი, რაც პაციენტის უფლებების დარღვევას იწვევს.

“არის ძალიან მაღალი რისკი. რაღაცა უცნაური მოწყობა აქვთ,  არის ინ-ვიტრო კაბინეტები, გინეკოლოგიურები. არის ბევრი ისეთი მიმართულება, რომელიც არ რეგულირდება არანაირად. ანუ წინასწარ ლიცენზიის აღებას არ მოითხოვს და ნებისმიერს შეუძლია გახსნას, დახუროს, ისევ გახსნას…

მოკლედ, ეს გასულია კონტროლიდან. პირველად რომ ვნახე და შევისწავლე ეს ყველაფერი, ცოტა გაკვირვებული ვიყავი, რანაირად შეიძლება განყოფილებას აკეთებდე და არანაირად არ რეგულირდებოდეს, არც წესი არსებობდეს, არც კონტროლის მექანიზმი?! ზუსტად იგივე მიდგომა უნდა ჰქონდეს, როგორც მაგალითად კლინიკებთან გვაქვს,  სისტემატურად უნდა შევამოწმოთ და ერთჯერადი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს ამ კონტროლს.

უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ დროს, ჩვენი თანამშრომელი მივა და ნახავს.  მოქალაქეს როდესაც ემსახურება და სამედიცინო სერვისს უწევს, არ შეიძლება ინფექციური დაავადებების კერა ჰქონდეს იქ,“- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს დადგენილებით, რომელიც ძალაში 20 სექტემბრიდან შედის,  ისევე როგორც სტომატოლოგიური და ნარკოლოგიური საქმიანობის (ჩანაცვლებითი თერაპია), დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების შემთხვევაშიც შერჩევითი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …