15 იანვრიდან რეფერენტული ფასების სისტემა ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თავდაპირველად იმოქმედებს გარკვეული გარდამავალი პერიოდი.
„ჩვენ გვაქვს მაღალი მზაობა, რომ დადგენილ ვადებში ფასები განისაზღვროს 50-მდე მოლეკულაზე – სულ არის 1000-1200 მედიკამენტი. სამუშაო პროცესი ღიაა, სექტორის მონაწილეებისგან შენიშვნები მოდის და ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება. 15 იანვრიდან ეს სისტემა გაეშვება, გარკვეული გარდამავალი პერიოდი აქ გათვალისწინებულია იმისთვის, რომ ორივე მხარეს მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდეს და საქართველოს მოქალაქეებმა უკვე რეალურად იგრძნონ ის სიკეთე, რომელიც რეფერენტული ფასების ამოქმედებას დაუკავშირდება,“- განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ამოქმედდება, 2023 წლის ბოლომდე კი მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე ამოქმედდება. რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს.