მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » 13-წლიანი ლოდინის შემდეგ „ავერსი“ საკუთარ ტერიტორიას იბრუნებს – რა გეგმები აქვს კომპანიას ინფექციური კლინიკის გადასვლის შემდეგ?

13-წლიანი ლოდინის შემდეგ „ავერსი“ საკუთარ ტერიტორიას იბრუნებს – რა გეგმები აქვს კომპანიას ინფექციური კლინიკის გადასვლის შემდეგ?

ტერიტორიაზე, სადაც თბილისის ინფექციური საავადმყოფო მდებარეობს, კომპანია „ავერსი“ სამედიცინო სერვისების განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ ტერიტორიის მფლობელი „ავერსი ფარმას“ დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ jandacva.ge-ს განუცხადა. მისი თქმით, ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ინფექციური კლინიკა ყაზბეგის ქუჩაზე, იჯარის საფუძველზე ფუნქციონირებს, ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს გასდის და „ავერსი“ ელოდება, რომ მოხდება ფართის დაცლა და კომპანიისთვის დაბრუნება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისების მიწოდებას განახორციელებს ავერსი თავისი კლინიკების მეშვეობით, მითუმეტეს ტერიტორია არის სპეც ზონა და სხვა ტიპის მშენებლობა/განვითარება არც იგეგმება,“ – განაცხადა ფურცელაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს განაცხადა, რომ  ხელშეკრულების მიხედვით ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში 2022 წლის 1 იანვრისთვის უნდა გადავიდეს.

„გვაძლევენ მყარ გარანტიას“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო დაწესებულება საკუთარი შენობა-ნაგებობების გარეშე 2009 წელს დარჩა. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია –  თითქმის 6 ჰექტარი მიწა მასზე დამაგრებული 11 შენობა ნაგებობით, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა. ტერიტორია 12 მილიონად გაიყიდა და ის აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ „ავერსი ფარმამ“ იყიდა. ამის შემდეგ გაიცა პირობა, რომ კლინიკას  ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მანამდე კი ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია შენობებში დროებით, იჯარის ხელშეკრულებით დარჩებოდა.
თუმცა პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა.

გასულ წელს მთავრობამ ინფექციური კლინიკისთვის ახალი შენობა იყიდა, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს და რომელიც 40 მილიონი ლარის ღირებულებისაა. რემონტი მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა პერსონალს მუშაობის სათანადო პირობები ჰქონდეს.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …