მედიკამენტებზე რეცეპტების შემოღებიდან 1 წელი გავიდა და უკვე საუბარი დაიწყო მორიგ ნაბიჯზე. უკვე მომავალი წლიდან ელექტრონული რეცეპტის სისტემა დაინერგება. 1 წლის წინანდელ ნაბიჯს ჯანდაცვის სამინისტრო და სპეციალისტები სხვადსხვაგვარად აფასებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ ამ პროგრამაში უკვე ბევრი კლინიკაა ჩართული და მათი ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება. „ონლაინ რეცეპტები ყველა ქვეყანაშია და მათ შორის, ჩვენთანაც. გვაქვს ახალი პროგრამა და მალე გვექნება ელექტრონული რეცეპტის სისტემა, რომელიც ბევრ პრობლემას მოხსნის. პროექტი უკვე გაკეთებულია“, – აცხადებს იგი.
ზოგდად კი რეცეპტების შემოღებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. საინტერესოა, რა შედეგები გამოიღო მედიკამენტების რეცეპტებით გაყიდვამ, რა პრობლემების წინაშე დადგნენ მომხმარებლები და აფთიაქები. აღმოჩნდა, რომ აფთიაქების ნაწილი დადგენილ რეგულაციას არ ექვემდებარება. პრობლემის არსებობას ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს, თუმცა სერგეენკოს უწყებაში რეცეპტების სისტემით მაინც კმაყოფილნი არიან.
„დინამიკას თუ შევხედავთ, ჩვენ სრული დაფარვა არ გვაქვს, რომ ყველა აფთიაქი ვაკონტროლოთ მედიკამენტების გაცემაზე, მაგრამ სისტემამ მაინც გაამართლა. იყო შემთხვევები, როცა აფთიაქებს ჯარიმაც დაეკისრათ, ზოგს ლიცენზიაც შეუჩერდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს აღარ არის სისტემური პრობლემა, მხოლოდ ეპიზოდურია. იმედი გვაქვს, პრობლემას მინიმუმამდე ჩამოვიყვანთ. ფსიქოტროპულის ურეცეპტოდ გაცემის ბოლომდე ნულამდე ჩამოყვანას, ალბათ, ვერავინ ვერასდროს შეძლებს, მაგრამ უნდა ჩამოვიდეს მინიმუმამდე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მედიკამენტების რეცეპტით გაცემის სისტემას დადებითად აფასებენ ფარმაცევტული კომპანიები. რეცეპტის სისტემას პირველი დღიდან აპროტესტებდა წამლის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი თინა ტურძელაძე.
„ჩვენ სისტემა უნდა შევავსოთ იქიდან, მივიღეთ თუ არა შედეგი. იმისდა მიხედვით, სად დანიშნავს ექიმი წამალს – ეს იქნება სადარბაზო, კლინიკა თუ აფთიაქის მომიჯნავე რაიმე ოთახი. ირაციონალური შეიძლება იყოს ყველა შემთხვევა, თუ სწორი დიაგნოზის და სწორი შეფასების საფუძველზე არ გაკეთდა დანიშნულება. რეცეპტი დღეს მანიპულაციის საშუალებაა“, – ამბობს ტურძელაძე.
მისი თქმით, საქმე ისაა, რომ რეცეპტი გახდა მიზანი ამ რეფორმისა და არა ის, რისთვისაც რეცეპტია შემოღებული.
„ჩვენ არ გვაქვს გამართული სისტემა და რეცეპტი ვერ უზრუნველყოფს სისტემის გამართვას. ამით მოხდა მხოლოდ პრობლემის შეფუთვა. ჯანმრთელობის დაცვის სიძვირის პრობლემა მსოფლიომაც ვერ გადაჭრა, მაგრამ ჯანდაცვა უნდა გავხადოთ ხარჯთეფექტური. რეცეპტი სწორედ ამ სისტემის ნაწილია. ბოლო დროს რეცეპტი გახდა მანიპულაციის საშუალება და ეს დამატებითი ოპერაცია, ბუნებრივია, აისახა წამლის ფასში“, – აღნიშნა თინა ტურძელაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია 1 წლის თავზე დადებითად აფასებს სარეცეპტო სისტემის შემოღებას. მისი თქმით, შარშან ამ დროს შემოღებულმა რეცეპტის ინსტიტუტმა თავისი სერიოზული როლი ითამაშა ჯანდაცვის სისტემაში და რამდენიმე მიმართულება გააძლიერა კიდეც.
„ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ თვითმკურნალობა კარგია. ეს პროცესი, ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ცუდი ფორმით ხდებოდა – ექიმები ჩაანაცვლეს მეზობლებმა და ნათესავებმა. რეცეპტის სისტემის შემოღებით ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად გადაიჭრა“, – აღნიშნა კვარაცხელიამ.