მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » 1 მარტიდან, მეორე ჯგუფის მედიკამენტების გაცემა მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით მოხდება

1 მარტიდან, მეორე ჯგუფის მედიკამენტების გაცემა მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით მოხდება

ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, 2022 წლის 1 მარტიდან, მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ექიმი ასევე ვალდებულია, სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი.

მოთხოვნა ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც, დანიშნულების გაცემის შემთხვევაში.

გამონაკლისის სახით,  სოფლის ექიმებს ეძლევათ რეცეპტის მატერიალური ფორმით გამოწერის შესაძლებლობა.

ცვლილებიდან გამომდინარე,  აფთიაქებსაც უჩნდებათ ვალდებულება, II ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გასცეს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად ფორმა N3 რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის, აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები.

მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან რომლის მიღებაც არ არის შესაძლებელი მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე. მაგალითისთვის მეორე ჯგუფის წამლებში შედის ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ჰორმონალური საშუალებები და ა.შ.

აღნიშნული მედიკამენტები აქამდეც რეცეპტით გაცემას ექვემდებარებოდა, თუმცა ახლა მოხდება მხოლოდ ელექტორული რეცეპტის საშუალებით.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …