დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, პრესკონფერენცია გაიმართება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრესკონფერენცია ჩატარდება დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობის ნებაყოფლობითი C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისათვის მობილური ამბულატორიების გადაცემას გულისხმობს.
პრესკონფერენციას დაესწრებიან და აქციის ფარგლებში C ჰეპატიტის ტესტირებას ჩაიტარებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი პირები, სამინისტროს თანამშრომლები და მსურველი მოქალაქეები.
C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ყოველმხრივი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 2015 წლის 3-5 ნოემბერს საქართველოში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტთა ტექნიკური ჯგუფის მიერ განხილულ იქნა C ჰეპატიტის პროგრამის 5 წლიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის ფარგლებში, განსაკუთრებულად გაესვა ხაზი C ჰეპატიტის ადრეულ დიაგნოსტიკას. მათი რეკომენდაციებით, აუცილებელია სკრინინგული ღონისძიებების ფართოდ დანერგვა და კვლევებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლის მიღწევაც, მხოლოდ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, ორგანიზებული და რისკ-ჯგუფების კვლევითა და მოსახლეობის რუტინული სკრინინგული პროცესების დაწყებით არის შესაძლებელი.
„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში, სკრინინგული კვლევებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1974 განკარგულების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგრძელებენ დაწყებულ ინიციატივას და 2015 წლის 9 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, იწყება С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის შემდგომი ეტაპი, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა უფასოდ ჩაიტარონ ტესტირება C ჰეპატიტზე და ასევე, გლობალური ფონდის ხელშეწყობით აქციის ფარგლებში, ყველა მსურველს შესთავაზებენ უფასო სკრინინგი აივ ინფექცია/შიდსზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 დეკემბრიდან დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყველა ორსულს მიეცემა შესაძლებლობა გინეკოლოგთან პირველი ვიზიტის განხორციელებისას, სხვა გამოკვლევებთან ერთად, ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე.
ასევე, პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის“ პროგრამის ფარგლებში, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს გადასცემს ოთხ მობილურ ამბულატორიას.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მობილური ამბულატორიების ფუნქციონირება არის დადასტურებული წარმატებული პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
„საქართველოში აღნიშნული პრაქტიკა წარმოქმნის საშუალებას დამატებითი წვლილი შევიტანოთ აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებასა და შესაბამისად შიდსის გავრცელების პრევენციაში“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მობილური ამბულატორიების ფარგლებში დაგეგმილია აივ ინფექცია/შიდსის სადიაგნოსტიკო და პრევენციული მომსახურებების განხორციელება. კერძოდ კი მობილური ამბულატორიები მოემსახურებიან ზიანის შემცირების პროგრამის ბენეფიციარებს და უზრუნველყოფენ მათ უფასო ტესტირებით აივ ინფექცია შიდსზე, C და B ჰეპატიტსა და სიფილსზე.
მობილური ამბულატორიების საქმიანობის ფარგლებში მის ბენეფიციარებს ასევე, მიეწოდებათ კონტრაცეპტივები და საინფორმაციო/საგანმანათლებლო მასალა აივ ინფექცია/შიდსზე. ასევე იმოქმედებს შპრიცებისა და ნემსების პროგრამა აივ ინფექციის ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარებით გადაცემის პრევენციის მიზნით.
მობილური ამბულატორიების ფუნქციონირების გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს სრულიად საქართველო და ისინი იფუნქციონირებენ შემდეგ რეგიონებში: თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა-ქართლი, ქვემო-ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა.
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისათვის გადაცემული მობილური ამბულატორიები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ C ჰეპატიტის უფასო ტესტირების ეროვნულ აქციაში და აქტიურად იმუშავებენ საქართველოს ზოგად მოსახლეობაში როგორც C ჰეპატიტის, ისე აივ/შიდსის გამოვლენაზე.