С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის თაობაზე, „პირWელი“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ექიმ-ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ესაუბრა.
ბუწაშვილის განცხადებით, პროგრამაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პრეპარატი, რომელზეც ვერც კი იოცნებებდა საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე, ახლა მათთვის სრულიად უფასოა.
„პაციენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა ის, რის გამოც ბევრი მიდიოდა უცხოეთში და იქაც ვერ ახერხებდა შესაბამისი მკურნალობის მიღებას. აქ, ადგილზე, მითუმეტეს, წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი. დაახლოებით, 85 000 დოლარი ჯდებოდა C ჰეპატიტის მკურნალობის მინიმალური კურსის დაფინანსება.
დღეს ეს არის სრულიად უფასო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თანმხლები გამოკვლევევბის თანადაფინანსებაშიც მონაწილეობს სახელმწიფო და მას 30%–ით აფინანსებს, დამატებით 60%–ს აფინანსებს მერია და დარჩენილს, რაც შეადგენს მხოლოდ და მხოლოდ 10%–ს, იხდის თავად პაციენტი. რა თქმა უნდა, ეს დიდი შეღავათია“, – აცხადებს ბუწაშვილი.
მისი თქმით, პირველმა ნაკადმა მკურნალობა მხოლოდ ერთი თვის წინ დაიწყო და შესაბამისად განკურნებაზე ზედმეტია ჯერ ლაპარაკი, მაგრამ პირველადი ვირუსის კლების მაჩვენებლები უკვე არსებობს. ექიმი-ინფექციონისტი პაციენტების გადაჭარბებულ მოლოდინზეც საუბრობს და ამბობს, რომ პაციენტების უმეტესობას 100%–იანი განკურნების მოლოდინი აქვს.
„ზოგადად არ არსებობს მკურნალობა, რომელიც 100%–იან შედეგს იძლევა და არც ეს პროგრამა იქნება გამონაკლისი. ყველა კონკრეტულ შემთხვევას აქვს გამოჯანმრთელების კონკრეტული პროცენტი. ზოგიერთი პაციენტის უკმაყოფილებას იწვევს ის მომენტი, როცა ამგვარ სტატისტიკაზე ვესაუბრებით. მათი განწყობა და მოლოდინია, რომ 100%–ით განიკურნებიან.
გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ დეკომპენსირებული ციროზი, ანუ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისათვის, მკურნალობა მიზნად ისახავს ვირუსის შეჩერებას, ეს არ ნიშნავს, რომ მათი ღვიძლი სრულად აღდგება მკურნალობის ფონზე და სრულად ჩადგება ნორმაში.
მათშიც კი არსებობს ეს მოლოდინი. ერთადერთი ნეგატიური მომენტი, რაც ამ პროგრამას თან ახლავს, არის სწორედ გადაჭარბებული მოლოდინი, რომელიც ზოგიერთ პაციენტში ნეგატიური განწყობის საფუძველი ხდება“, – ამბობს ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.